საკანდელიძე/ქორქია იწყება

გია კაზანჯიანმა საინტერესო კლუბი შეკრა. სწრაფი, რომელსაც შეუძლია პოზიციურად გეთამაშოს. 

ოლიმპიურ სასახლეში მაგარი ტურნირი იწყება.

12 გუნდი შეასკდება ერთმანეთს ლეგენდების, ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალზე.

ტურნირი, რომელიც ტრადიციულია.

ტურნირი, რომელშიც ყველა ბოლომდე კვდება.

ტურნირი, რომელიც ხვალ გაიხსნება.

A ჯგუფი: თსუ, კაქტუსი, კავკასია.

ფავორიტი: თსუ.

მოკლედ: სუპერლიგაში თსუ ყველაზე კარგად დაბალანსებული და ღრმა გუნდია. ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი (ლექსო ლაფანაშვილი), ჩემპიონატის საუკეთესო ქართველი მოთამაშე (გიორგი ტურძილაძე) და ყველაზე ძლიერი მაღლები. სოლიდური ფორა.

 

B ჯგუფი: დინამო, რუსთავი, მგზავრები.

ფავორიტი: რუსთავი.

მოკლედ: კი, რუსთავი არასტაბილურია. კი, რუსთავმა დანიშნა და უკვე გაუშვა ბერძენი მწვრთნელი კეცელიდისი. კი, რუსთავი ხანდახან იკარგება და დგას, მაგრამ ამ გუნდში ყველაზე მეტი ნიჭია და კალათბურთში ნიჭი მნიშვნელოვანია. ალბათ, ყველაფერში, არა?

 

C ჯგუფი: ცხუმ-აფხაზეთი, ბათუმი, ქუთაისი.

ფავორიტი: ბათუმი.

მოკლედ: გია კაზანჯიანმა საინტერესო კლუბი შეკრა. სწრაფი, რომელსაც შეუძლია პოზიციურად გეთამაშოს. დინჯი, რომელსაც შეუძლია, რომ გადაგირბინოს. ამ გუნდს აქვს მრავალფეროვნება და ეს გუნდი მეორე წრეში ბევრს მოიგებს.

 

D ჯგუფი: ტიტები, ოლიმპი, ვერა.

ფავორიტი: ოლიმპი.

მოკლედ: ოლიმპი უმატებს და დანარჩენებისთვის (არა მხოლოდ, აქ) ეს ცუდი ტენდენციაა. ოლიმპი სწრაფია, ოლიმპი ორგანიზებულია დაცვაში და ოლიმპს ორი კარგი ხუთეული ჰყავს. გუნდი, რომელსაც აქვს პრეტენზია არა მხოლოდ ფლეი ოფზე. საინტერესო იქნება.