ლაშა ტალახაძის რომაული ოქროები

რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძე 109 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა სპორტსმენმა, რომლისთვისაც ოქროს მედლის მოპოვება ჩვეულ ამბად იქცა, ატაცში 215 კგ შტანგა ასწია და პირველ ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა თანამემამულემ მეორე ადგილზე გასულ რუს ანტონი სავჩუკზე 31 კგ-თი მეტი ასწია. 

 

აკვრაში ლაშა 255 კგ სიმძიმის შტანგას გაუმკლავდა და აქაც პირველი ადგილი მოიპოვა. ორჭიდის საერთო ჯამში ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე 470 ქულაა და ჯამში 3 ოქროს მედალს მოუყარა თავი. 

 

 

აქვე გეტყვით, რომ რომში ნაჩვენები შედეგებით ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიური ლიცენზიისთვის ქულები დააგროვა.
აღნიშნულ მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას 4 სპორტსმენი იცავდა, რომელთა ანგარიშზეც ჯამში 11 მედალია. როგორც უკვე გითხარით 3 ოქრო ლაშა ტალახაძის ანგარიშზეა, იგივე შედეგი დააფიქსირა ანტონ პლესნოიმ, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც შეეხება გოგა ჩხეიძეს, მან 2 ბრინჯაოს მოუყარა თავი.