მარცხი სხვა კლასის გუნდთან

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-8 ტურში, თბილისის დინამომ პრო რეკოს უმასპინძლა და 3:13 დამარცხდა. იტალიური გუნდი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ჩვენს ბიჭებს, რომლებსაც ქულაც არ აქვთ, რთული შეხვედრა ელოდათ.

 

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რევაზ ჩომახიძის შეგირდები იტალიელებს დანაკლისის ფონზე დაუპირისპირდნენ. გუნდს ტრავმების გამო მიხეილ ბაღათურია და ცეპულია აკლდა.   

 

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მათ გახსნეს. მე-5 წუთზე ქართველთა კარი ვინჩენცო ლოდიჩემ აიღო. დაახლოებით 2 წუთში დი ფულვიომაც გაიტანა. პირველი პერიოდის ბოლოს თავი ოსკარ ეჩენიკემაც გამოიჩინა.

 

მეორე პერიოდის პირველი გოლი ედუარდო დი სიმოას ანგარიშზეა. მალევე ჩვენი გუნდის დაცვის შეცდომით ისევ გავუშვით, გოლი ჰენრი კეიმ გაიტანა.

 

ისე არ ყოფილა, რომ შეტევაში მხოლოდ პრო რეკო ყოფილიყო. რამდენჯერმე თბილისელებმაც კარგად შეუტიეს, რამაც შედეგი გამოიღო. ქართველი გულშემატკივრები გოლით ზუკა რურუამ გაახარა. 5 ბურთიანი სხვაობა მალევე აღდგა, დი სომამ დუბლი გაიფორმა. იტალიელთა მორიგი შეტევა მორიგი გოლით დასრულდა. დუბლი ამჯერად დი ფლუვიომ შეასრულა.

 

დინამომ მეორე გოლი გიორგი მესხის კარგი თამაშის შედეგად გაიტანა. მისი ძლიერი დარტყმული მეკარისთვის აუღებელი გამოდგა.

 

პრო რეკომ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, ბურთი დუშან მანდიჩმა აიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე პერიოდის ბოლო წუთზე სტუმართა ლიდრემა მშვენიერი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა. თანაგუნდელებს არც ვინჩენცო რენტუზო ჩამორჩა და ისიც დუბლის ავტორი გახდა. გენუელთა მორიგი გოლი სტეფანო ლუონგო ანგარიშზეა. პრო რეკოს კიდევ ერთი შესანიშნავი კომბინაცია ნიკსა დობუდის შედეგიანი დარტყმით დასრულდა.

 

მესამე პერიოდის ბოლო წუთი იყო, როცა ვაპენსკიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა და ანგარიში 3:12 გახდა.

 

მეოთხე პერიოდში 1 გოლი გავიდა. დუშან მანდიჩმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და მატჩს წერტილი დაუსვა.

 

დინამო კვლავ უქულოდაა და შესაბამისად მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 თებერვალს სტუმრად ჰანოვერის წინააღმდეგ ჩაატარებს.