დიდია დროგბა!

იბრძოლეს, ხოცეს ერთმანეთი, მაგრამ ამას დიდი შედეგი არ მოუტანია — ვერც ერთი მხარე სჯობდა და ვერც მეორე. მოლაპარაკებები სცადეს, ისიც უშედეგოდ დამთავრდა.  სამაგიეროდ, კოტ დ’ივურის ეს ხუთწლიანი სამოქალაქო ომი ერთმა საფეხბურთო მატჩმა შეაჩერა, ხოლო კაცი, რომელმაც მტრები შეარიგა პოლიტიკოსი არ იყო. ის იყო ფეხბურთელი. დიდიე დროგბა. ამ აფრიკული ქვეყნის ნაკრების თავდამსხმელი.

...საფინალო სასტვენის ხმაზე, მაყურებელი მოედანზე შევარდა. ზოგი ღობეზე გადაძვრა, ზოგი ტრიბუნის მაღალი კედლიდან ჩახტა, მავანმა გასასვლელში მუჯლუგუნებით გაიკვლია გზა. ყველას უნდოდა ახლოდან ენახა მოთამაშეები. მდგომარეობა თანდათანობით საშიში ხდებოდა. აფრიკაში მასობრივი არეულობისა და ქაოსის შექმნას წამები სჭირდება. აქ, ფეხბურთის თამაშის დროს ბევრჯერ ყოფილა ჭყლეტა, ხალხი დაღუპულა, შემდეგ კი ბანდებს ყველაფერი ვიღაცისთვის დაუბრალებიათ და შურისძიების ჯაჭვი მოჰყოლია.

 

 

ზღვარგადასული ზეიმის შეჩერებას 300 პოლიციელი ცდილობდა. სპილოებმა (ასე ეძახიან კოტ დ’ივუარის ნაკრებს) მადაგასკარს 5:0 მოუგეს და აფრიკის თასის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. 2008 წლის ამბავს გიყვებით. ღმერთო ჩემო, რად უნდა ლაპარაკი, რომ კოტ დ’ივუარელები მადაგასკარს ფეხბურთში აჯობებდნენ.

ბუაკეს სტადიონზე შეკრებილი 25 ათასი მაყურებელი თავისიანების თითოეულ პასსა და დარტყმას ღრიანცელით ხვდებოდა. გოლზე ხომ ჭკუიდან გადადიოდნენ. ამ დღეს ისინი გაცილებით მეტს იგებდნენ, ვიდრე საფეხბურთო მატჩია: ამ დღეს ქვეყანა გაერთიანდა!

ყველაზე მეტი გულშემატკივარი დროგბასთან ცდილობდა მივარდნას. ჩელსის ფორვარდი, 20 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და აფრიკის წლის საუკეთესო მოთამაშე, ნამდვილი კერპი იყო. იმ დღეს დროგბას ეთაყვანებოდნენ არა, როგორც ფეხბურთელს, არამედ როგორც ეროვნულ გმირს. პოლიციელებმა ექსტაზში შესული გულშემატკივრების უკან გაწევა მოახერხეს, მაგრამ თავადაც თავბრუ ეხვეოდათ. ისინი ხომ თვით დროგბას გვერდით იდგნენ! ზოგიერთმა, იმ არეულობაში, ხელის ჩამორთმევაც კი მოახერხა. ყველას ერთი რამ ეკერა პირზე: დიდიე დროგბამ სამოქალაქო ომი შეაჩერა!

კოტ დ’ივუარი ხუთი წლის განმავლობაში ორ ბანაკად იყო დაყოფილი: აჯანყებულთა მხარდამჭერ ჩრდილოეთად და ხელისუფლების ერთგულ სამხრეთად. მადაგასკართან თამაშამდე ორიოდ თვით ადრე კი, ქვეყანაში მოგზაურობის დროს, დროგბამ წარმოუდგენელი რამ გამოაცხადა: მატჩი აბიჯანში კი არა, ბუაკეში, აჯანყებულთა დედაქალაქში გაიმართებაო. ჩრდილოეთი და სამხრეთი, რომელთაც ვერაფრით გამოენახათ საერთო ენა, საათნახევრით მაინც უნდა გაჩერებულიყვნენ, ხოლო ჩელსის დიდი ფორვარდი ღვთაებასავით შუაში უნდა დამდგარიყო.

ბუაკელმა ძალოვნებმა, რომლებიც, რასაკვირველია, აჯანყებულ მხარეს წარმოადგენდნენ, ფეხბურთელები მოედნიდან სამშვიდობოს გაიყვანეს, მოზეიმე ხალხი კი ქუჩებისკენ მიმართეს. ამ დროს ტრიბუნაზე ორასამდე სამთავრობო ჯარისკაცი იჯდა. შემდეგ, ისინი მთელი ღამის განმავლობაში გუშინდელ მტრებთან ერთად ზეიმობდნენ.

დროგბას ეროვნული გმირობის ამბავი კი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან დაიწყო. კოტ დ’ივუარმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ჩელსის თავდამსხმელი, ყოველი შეხვედრის შემდეგ თანაგუნდელებს სამშობლოში მშვიდობისთვის ლოცვას აღავლენინებდა. 2005 წლის ოქტომბერში, როდესაც გუნდმა გერმანიის საგზური ოფოციალურად გაიფორმა, მთელი ქვეყანა ზეიმმა მოიცვა. აბიჯანიდან (ქვეყნის ეკონომიკურად განვითარებული, მთავარი ქალაქია) ბევრი აჯანყებულ რეგიონებში, იქაურ ბარებში რეკავდა და ღარიბებისთვის ლუდს უკვეთავდა. ეს ტექნიკურად როგორ ხერხდებოდა, ნუ მკითხავთ. არ ვიცი. ფულს იხდიდნენ ალბათ რაღაცნაირად.

 

 

მას მერე წავიდა და წავიდა. დროგბა სპილოს ძვლის ნაპირებზე გაცილებით მეტი გახდა ვიდრე ფეხბურთელი.

ამერიკელი ჟურნალისტი ოსტინ მერლი ბუაკეს მატჩის შემდეგ:

- ასეთი დიდებული რამ არასდროს გადამხდენია,  — მითხრა დროგბამ მეორე დღეს, — ეს გაცილებით აღემატებოდა ფეხბურთის მატჩს. იმის დანახვა, რომ გუშინდელი მტრები გვერდიგვერდ იდგნენ და საყვარელ გუნდს გულშემატკივრობდნენ, ერთ რამედ ღირდა.

- საოცარი იყო იმის ნახვა, როგორ შეწყდა ომი — ვუპასუხე მე.

- ჰო, ამბობენ, შეწყდაო — მითხრა მან…

…მაგრამ, 2010-11 წლებში, კოტ დ’ივუარში კიდევ იყო ერთი სამოქალაქო ომი, რომელმაც 3 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ის ისტორიაში მეორე სამოქალაქო ომის სახელით შევიდა.

დროგბამ მას ვეღარ უშველა. კერპი იყო, ღმერთი კი არა.