ჯიჯი

კრიშტიანუ რონალდუ 35 წლის მოიყარა. მისი ძველი მეტოქე, ახლა  თანაგუნდელი, ლეგენდარული მეკარე ჯიჯი ბუფონი კი ერთი კვირის წინ 42-ს გახდა, ფეხბურთიდან წასვლას არ ჩქარობს, იუვენტუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ეშურება და ჯიუტად მიიწევს იმ მიზნისკენ, თავის დროზე სწორედ რონალდუ რომ გადაეღობა...

გახსოვთ, შარშანწინ, აპრილში, მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წამატებულ წუთებზე, „იუვენტუსის“ კარში პენალტი დანიშნეს? მაშინ იუვეს მეკარემ, ჯიჯი ბუფონმა, მსაჯი გალანძღა და წითელი ბარათიც მიიღო. კრიშტიანუ რონალდუმ კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და ბებერი ქალბატონი ტურნირს გამოეთიშა.  

 


მერე გამწარებულმა ჯიჯიმ არბიტრ მაიკლ ოლივერზე თქვა: „ამ კაცს მკერდში გულის მაგიერ ნაგვის ვედრო უდევს. ასეთ დროს პენალტის დანიშნვა იქნებოდა?!გუნდმა მთელი ძალ-ღონე ჩადო თამაშში. ურთულესი შეხვედრა შემოვატრიალეთ და 93-ე წუთზე საეჭვო პენალტის დანიშვნა რა იყო. თუ ასეთ სტადიონზე ობიექტურად მსაჯობის კაცობა არ გყოფნის, ტრიბუნაზე დაჯექი ცოლ-შვილთან ერთად, სპრაიტი დალიე და ჩიფსი მიაყოლე. არ შეიძლება ერთი ჩასტვენით გუნდის ოცნება დაამსხვრიო,“ - ბობოქრობდა ბუფონი. 
მერე ამ სიტყვებისთვის რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში. 

დაახლოებით იგივე გამეორდა ერთი წლის შემდეგაც. ოღონდ სხვა გუნდის შემადგენლობაში, სხვა მეტოქისა და სხვა მსაჯის წინააღმდეგ. ოღონდ უკვე VAR-ის ეპოქაში. წამატებულ წუთებზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი, ოღონდ სლოვენიელი მსაჯის დამირ სკომინას მიერ. ისევ საკამათო. მაგრამ ამჯერად ბუფონს ხმა არ ამოუღია. 

რატომ? ჯერ ერთი, ეტყობა ვიდეოარბიტრს „სცა პატივი.“ მეორეც, მანამდე იყო ეპიზოდი, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა შეხვედრის საბოლოო შედეგი. იმ ეპიზოდს საეჭვო თერთმეტმეტრიანზე ნაკლებ არ უმოქმედია შედეგზე და ეს ჯიჯიმ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ეგებ ამადაც გაყუჩდა დროული კარის დარაჯი.

 


ჯიჯი 28 იანვარს 42-ის გახდა და ჩემპიონთა ლიგის თასის ჩახუტება ისევ ოცნებად დაურჩა. სამი ფინალი აქვს ნათამაშები. იქნებ ამიტომაც აგრძელებს კონტრაქტს და კარიერის დამთვარებას არ ჩქარობს?!

მაგრამ, ჯიჯის კიდევ ექნება შანსი. ბუფონს მიმდინარე კონტრაქტის ვადა წლევანდელი სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ვთქვით, არ არის გამორიცხული, კონტრაქტი 2021 წლამდეც გაგრძელდეს. გამორიცხული კი არა, ამის დიდი ალბათობაა.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი იუვენტუსიდან, სადაც 2001-2018 წლებშიც თამაშობდა პარი სენ-ჟერმენში ერთი სეზონით და  7 მილიონი ევროსთვის გადავიდა... მერე უკან დაბრუნდა და ... ახალ კონტრაქტს ეშურება... რატომ? 
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იუვენტუსი ფრანგულ ლიონს შეხვდება.