ვისი ROჯერია?

დუბაიში როჯერ ფედერერმა ჩემპიონობა უნდა დაიცვას. შარშან, ფინალში ლეგენდამ 6:4, 6:4 მიანგრია სტეფანოს ციციპასი. როჯერმა ქულები უნდა დაიცვას.

ინდიან უელსის მასტერსზე შარშან, როჯერმა ფინალამდე იარა. იქ, მოუგო პირველი სეტი დომინიკ ტიმს 6:3, წააგო შემდეგი ორი, ვერ მოხსნა ჯეკპოტი და მაინც, როჯერს ამერიკულ გარჩევებში 600 ქულა აქვს დასაცავი. რთული მისია.

მაიამიში როჯერი ბოლომდე გავიდა. მთელი ტურნირის განმავლობაში წააგო ერთი სეტი, სტარტზე რადუ ალბოტთან (4:6) და, შემდეგ, დაგლიჯა. მიამტვრია ყველაფერი და ფინალში 6:1, 6:4 აწყენინა ჯონ იზნერს. როჯერმა 1 000 ქულა უნდა დაიცვას. მაგარი რთული მისია.

სამი ტურნირი. და, ფედერერი, რომელსაც ასაკი არ აკლდება. შეიძლება, პირველი ხუთეულიდან გავარდეს. კი, ამერიკაში ჩემპიონობა ტიმმაც უნდა დაიცვას, მაგრამ უფრო რეალურია, რომ ავსტრიელი ორ მასტერსზე აიღებს 1 000 ქულას, ვიდრე - ფედერერი დაიცავს აუცილებელს.

როჯერმა ავსტრალიაში წელს ვერ გაქაჩა. როჯერი ავსტრალიაში მძიმე იყო. ხანდახან, ჰაეროვანი და ელეგანტური, მაგრამ იქ, სადაც უნდა მოეგო, ფედერერმა ვერ დაძრა ნოვაკ ჯოკოვიჩი და სამ სეტში მიიტყეპა.

მანამდე, ორი ეპიკი. ორი ხუთსეტიანი ეპიკი. ელეგანტური თრილერები ჩვენთვის და დამღლელი ჩეხვები როჯერისთვის.

ფედერერი იღლებოდა.

ნოვაკთან ეს ფოკუსი არ გავიდა. ჯოკოვიჩი იუმორზე აცრილია. ნოვაკი ჯოკერია და კორტზე ორი ილუზიონისტი ზედმეტია. ჯოკოვიჩმა გააქრო ფედერერი.

გაქაჩავს როჯერი?

ძალიან რთული იქნება.

ამ სეზონში ჩვენ რეალურ ფედერერს ვნახავთ.