საშადან სერხიომდე

 

 

 

 

 

 

 

ბოლო დროს ხშირად ვხედავთ, რამდენი გოლები გააქვს ამპლუით ცენტრალურ მცველს, რეალის კაპიტან სერხიო რამოსს, რომელმაც ოსასუნასთან საკვირაო შეხვედრაში ერთხელაც გამოიჩინა თავი და ზედიზედ მე-17, სარეკორდო სეზონში გამოიჩინა თავი. 
ცენტრალური მცველისთვის გოლის გატანა, განსაკუთრებული უნარია, მაგრამ თუ ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ რამოსი გოლების რაოდენობით დიდად ჩამორჩება წარსულის ვარსკვლავებს. 

აბა, გადავხედოთ:

#7 ფრანც ბეკენბაუერი

Der Kaiser-მა, როგორც მას უწოდებდნენ, თავის დროს საკმაოდ გაუსწრო. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ეგრეთ წოდბული, „მწმენდავი“ და დღემდე ამ ამპლუის საუკეთესო წარმომადგენლად რჩება.მისი საფეხბურთო ინტელექტი შეუდარებელი იყო. პასის კულტურა, მოედნის ხედვა და  სიზუსტე დაცვაში, მას განსაკუთრებულს ხდიდა. თუმცა მხოლოდ ამით არ კმაყოფილდებოდა. მას გოლების გატანაც ეხერხებოდა, 19 წლიან კარიერაში 108 ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, ყველა დროის გამტან მცველთა შორის მე-7 ადგილზეა.

 

 

#6  რობერტო კარლოსი

შესაძლოა, ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი. მას დიდი, გადამწყვეტი გოლები გაჰქონდა და შესაძლოა, დაცვაში არ იყო იდეალური, შეტევებში ნამდვილად ძნელად მოეძებნება ტოლი. უბადლო იყო საჯარიმო დარტყმების შესრულებაში, განსაკუთრებით ძლიერი გახლდათ შორიდან დარტყმებისას.113 გოლით ის მცველთა შორის მეექვსეა.

#5 სტივ ბრიუსი

მართალია, ბევრს ის სანდერლენდში თამაშიდანაც კარგად ახსოვს, მაგრამ მისი კარიერის მთავარი ნაწილი მანჩესტერს უკავშირდება. დიდ მანჩესტერს, რომელსაც წლების მანძილზე კუნძულზე კონკურენტი არ ჰყავდა. ბრიუსი კი ამ გუნდის დაცვის ბურჯი გახლდათ, თუმცა არც გოლების გატანა უჭირდა. განსაკუთრებული სიზუსტით ურტყამდა თერთმეტმეტრიანებს. მართალია, ეროვნულ ნაკრებში ის არასოდეს მიუწვევიათ, თუმცა კარიერის მანძილზე 113 გოლი გაიტანა. აქედან, 1990-91 წლების სეზონში 19-ჯერ აიღო მოწინააღმდეგეთა კარი, რაც მცველისთვის ფანტასტიკური შედეგია. ის მე-5 პოზიციაზე დგას.

#4 გრემ ალექსანდერი

შოტლანდიელი მარჯვენა მცველი ჩინებულად ასრულებდა პენალტებს და საჯარიმოებს. კარიერის განმავობაში ბევრ გუნდში, მათ შორის, სკანტორპში, ბარნლიში, ლუთონში და პრესტონში უთამაშია.ჯამში მან 129 ბურთი გაიტანა და შოტლანდიის ნაკრების ღირსებაც 40-ჯერ დაიცვა.

 

 

#3 ფერნანდო იერო

ყველაზე წარმატებული ესპანელი კაპიტანი, ალბათ, იკერ კასილიასია, მაგრამ ყველაზე დაფასებული და პატივცემული მადრიდის რეალის ლეგენდარული მცველი, ფერნანდო იერო გახლავთ. მას მოსისხლე ბარსელონას ქომაგებიც კი დიდ პატივს სცემენ და ამით ყველაფერია ნათქვამი.შესანიშნავი მცველი გუნდის სული და გული იყო. მას არსაიდან შეეძლო გამოეგონებინა გოლი, შესანიშნავად თამაშობდა თავით და სტანდარტულებსაც კარგად ასრულებდა.ჯამში მან 163 გოლი გაიტანა.

#2 დანიელ პასარელა

 ნათქვამია, ტანმორჩილი მოთამაშეები კარგი მცველები ვერ გამოდიანო, მაგრამ დანიელ პასარელამ დაამტკიცა, რომ მთლად სიმაღლეში არ უნდა იყოს საქმე. ის მხოლოდ 173 სანტიმეტრს სიმაღლის გახლდათ, მაგრამ დაცვაშიც დიდებულად ირჯებოდა, შეტევების წამომწყებიც იყო. შესანიშნავად თამაშობდა თავით და 175 გოლიდან, უმეტესობა სწორედ თავით აქვს გატანილი.გარდა ამისა, ჭეშმარიტი ლიდერი გახლდათ და მისი დიდი დამსახურებაა, არგენტინის ნაკრებმა 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოიგო.
 

 

 

#1 რონალდ კუმანი

ყველა დროის საუკეთესო გამტანი მცველი. დღეს ის ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელია და საკმაოდ წარმატებითაც მუშაობს. მოთამაშეობის პერიოდში კი გასაოცარი უნარი ჰქონდა სხვადასხვა პოზიციებიდან გაეტანა ბურთები. შესანიშნავად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს.ნახევარდაცვაშიც შეეძლო თამაში, მაგრამ მაინც მისი საყვარელი ადგილი ლიბეროს პოზიცია გახლდათ. კარიერის მანძილზე 253 გოლი გაიტანა და ძნელი წარმოსადგენია, ახლო მომავალში ვინმემ მისი შედეგი გააუმჯობესოს.

 

 

P.S. ყველაზე გამტანი ქართველი მცველი კი ალექსანდრე ჩივაძე გახლავთ. მის ანგარიშზე თბილისის დინამოში ჩატარებულ 324 შეხვედრაში 44 და სსრკ ნაკრებში გამართულ 46 მატჩში შეგდებული 3 ბურთია.