აჩიკო იწყებდა და ამთავრებდა

კარგ გუნდს კარგი გამთამაშებელი უნდა ჰყავდეს.

ეს კარგი გამთამაშებელი აგებს პასუხს გუნდის შედეგზე. ის მთავარი მწვრთნელის დავალებას მოედანზე ალაგებს და ბიჭებს ეხმარება. ხანდახან, მწვრთნელის აზრი ყველასთან ვერ მიდის და გამთამაშებელმა ეს აზრი უნდა დაუღეჭოს, თავში ჩაუდოს.  

აჩიკო ჟღენტი ძალიან კარგი გამთამაშებელი იყო.

უბრალოდ, ოდნავ სცდებოდა კლასიკურ პირველ ნომერს. თუ კლასიკური პირველი ნომერი ბოლომდე კლასიკური პირველი ნომერი იყო, ჟღენტი მარტივი გზით მიდიოდა.

მწვრთნელის დავალება მას ყოველთვის იდეალურად ესმოდა და თუ თანაგუნდელებიდან რომელიმე იჭედებოდა და კომბინაციაც ბოლომდე ვერ მიდიოდა, აჩიკო მარტივი გზით აგვარებდა.

ჟღენტი იღებდა ბურთს, იწყებდა თავისი გუნდის შეტევას და ამთავრებდა. სროლით. უფრო ხშირად - აგდებდა. თუ ვერ აგდებდა, შემდეგს აგდებდა. მოკლედ, არ იჭედებოდა.

აჩიკო იყო ის, ვინც დღეს კომბინირებულ უაკნახაზელად ითვლება. ანუ - გამთამაშებელი მსროლელის კალათბურთით და პირველი ნომრის ხედვით, ინტელექტით.

აჩიკოზე დადიოდნენ, აჩიკოთი კაიფობდნენ და ჟღენტმა კალათბურთით სიამოვნების მიღება ისწავლა. წაგების შემთხვევაშიც კი, ის ბევრს ასწრებდა. მაშინ, ზუსტი სროლების პროცენტს დიდად არ აკვირვებოდნენ, მაგრამ რომ დაკვირვებოდნენ, აჩიკო დაბლებში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა.

კარგი მოთამაშე, რომელიც შემდეგ პოპულარული მწვრთნელი გახდა. იმუშავა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში და მიიღო გამოცდილება. იმუშავა კეცელიდისთან შსს-ში, გახდა საქართველოს ჩემპიონი და მიიღო დიდი გამოცდილება. ერთი პერიოდი აჩიკოც შსს-ს მთავარი მწვრთნელი იყო და დღეს, კაქტუსს ალაგებს.

მწვრთნელობაში მისი სათამაშო სტილის გატარება ოდნავ რთულია, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ერთ დღეს ჟღენტი-მწვრთნელი დაიწყებს და დაამთავრებს.

როგორც ძველ, კარგ დროს.