და ისევ კაბალიეროს მკვლელობის შესახებ

 

 

 

 

 

 


1994 წლის მუნდიალის პირველ შეხვედრაში კოლუმბიის ნაკრებმა რუმინეთთან 1:3 წააგო. „ოქროს თაობაზეა“ ლაპარაკი: კარლოს ვალდერამა, ალფრედო ვალენსია, ფაუსტინო ასპრილია, ანტონი დე ავილა… სხვათა შსორის, ჩემპიონატამდე პელემ ისიც კი თქვა, კოლუმბია მსოფლიოს ჩემპიონი გახდებაო. პელეს მაინცდამაინც არ დაეჯერება, ერთხელ, თუ არ მეშლება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა რამდენიმე კაცთან ერთად ოლეგ სალენკოსაც კი უწინასწარმეტყველა, მაგრამ მაშინ კოლუმბია მართლა მაგარი იყო… მსოფლიოს ჩემპიონობისა რა გითხრათ და ჯგუფიდან, სადაც მის გარდა რუმინეთი, შვეიცარია და აშშ იყვნენ, თითქოსდა იოლად უნდა გასულიყო, მაგრამ…

წააგო, რუმინეთთან და ისე გაუხდა საქმე, რომ მეორე ტურში აშშ უნდა დაემარცხებინა. სხვა გზა არ იყო. კაცმა რომ თქვას, არც ეს უნდა ყოფილიყო რთული საქმე. აშშ-ს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 1950 წლის შემდეგ თამაში არ მოეგო და საერთოდაც, დიდი ვერაფერი შვილი ბრძანდებოდა, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა მატჩის დღე, მით უფრო იძაბებოდა მდგომარეობა. მწვრთნელმა ფრანსისკო მატურანამ და ნახევარმცველმა გაბრიელ გომესმა (რატომღაც ის ამოიჩემეს) ტელეფონითა და ფაქსით არაერთი მუქარა მიიღეს. გაზეთი „ლა პრენსა“ წერდა, რომ „შავი სიკვდილის დაჯგუფებამ“ (რა ლამაზი სახელია) მატურანა გააფრთხილა, თუ ამერიკელებთან გომესს ათამაშებ, შენს და მის სახლებს ავაფეთქებთო. ერთი ხნის შემდეგ მწვრთნელს უცნობმაც დაურეკა და კონკრეტულად უბრძანა, გომესის ნაცვლად მედელინელმა ნახევარმცველმა ერნან გავირიამ უნდა ითამაშოსო. თავმოყვარე მატურანამ „შავი სიკვდილის“  დაკრულზე ცეკვა კატეგორიულად იუარა, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის შეშინებული შეფების ისტერიულ შემოტევას ვეღარ გაუძლო და მოედანზე გავირია გაუშვა. ხანი რომ გავიდა, ასპრილია ჰყვებოდა, რომ იმ დღეებში ყველა ფეხბურთელს დაემუქრნენ: „იცით, მოედანზე რომ გავედით თამაშის ნაცვლად რაზე ვფიქრობდით? გვეშინოდა, რომ წაგების შემთხვევაში მოგვკლავდნენ“.

 


და მაინც, მატჩი კოლუმბიელების შეტევებით დაიწყო. პირველივე წუთებში სამხრეთ ამერიკელებმა რამდენჯერმე დაარტყეს ჩრდილოელების კარში, მე-6 წუთზე კი დე ავილას დამიზნებული ბურთი ამერიკელმა მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა, მაგრამ შემდეგ დადგა ავბედითი 35-ე წუთი, როდესაც აშშ-ს ნაკრების წევრმა ჯონ ჰარკსმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული პასი ჩააწოდა: მის მიერ მარცხენა მხრიდან ჩაკიდებულს კოლუმბიელთა საჯარიმოში ფეხბურთის კაბალიეროდ ანუ რაინდად წოდებული, მცველი ანდრეს ესკობარი უიღბლოდ შეეგება და თავისი გუნდის კარში შეაგდო.

აშშ-ს ნაკრები მოულოდნელად დაწინაურდა, რამაც მის ფეხბურთელებს ფრთები შეასხა და შესვენების შემდეგ ერნი სტიუარტმა მეორე გოლიც გაიტანა. კოლუმბიელები საბოლოოდ გატყდნენ. თამაშის შემდეგ მატურანამ ასე თქვა: „სამწუხაროდ, ფეხბურთში მხოლოდ ორი ფეხბურთელის შეცვლა შეიძლება (სამი ფეხბურთელის შეცვლა ფიფამ 1995 წელს შემოიღო), თორემ თერთმეტივეს შევცვლიდი. საშინელი დღეა. ჩვენ ქვეყანას იმედები ვერ გავუმართლეთ. ყველა პრობლემის მიუხედავად ასეთ საშინელ თამაშს არ ველოდი. არ ვიცი აქედან სად წავალთ. ალბათ, სახლებში...“

კოლუმბიელებმა 90-ე წუთზე ერთი გოლის გატანა მოახერხეს (თავი ადოლფო ვალენსიამ გამოიჩინა), მაგრამ ესეც იმიტომ მოხდა, რომ ამერიკელები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ და ბოლო წუთს გული ვერ დაუდეს. 


მოკლედ, ამერიკელები ზეიმობდნენ, კოლუმბიელების საქმე კი ცუდად იყო. „შეერთებულმა შტატებმა დაგვამცირა“ — წერდა „ლა პრენსა“. „ელ ტემპოში“ კი ერთი გულშემატკივარი ასე გაიძახოდა: „თუ „გრინგოებსაც“ ვეღარ ვუგებთ, ესე იგი არაფრის ღირსნი აღარ ვყოფილვართ“… რატომღაც თავი ინგლისურმა „გარდიანმაც“ გამოიდო და გამოცხადა ამ დამარცხებამ მოედანი ააქოთაო.(ბოლო შეხვედრაში კოლუმბიამ შვეიცარიას 2:0 მოუგო.)

მატურანა და მისი ფეხბურთელები სამშობლოში ნაადრევად დაბრუნდნენ. მოთამაშეები გრძნობდნენ, რომ პირველ ხანებში დიდი სიფრთხილე ჰმართებდათ. ცნობილია, რომ ასპრილიამ ესკობარს ურჩია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქში არ გასულიყო.

 

…2 ივლისს, კოლუმბიის ნაკრების გამოვარდნიდან ერთი კვირის თავზე, ანდრეს ესკობარი ღამის კლუბის გამოსასვლელთან მოკლეს. ზუსტად რა მოხდა დღემდე უცნობია. მოწმეები ამბობენ, რომ ქუჩაში გამომავალ ესკობარს რამდენიმე კაცი შეეგება, რასაც თორმეტი გასროლა მოჰყვა. ფეხბურთელს ექვსი ტყვია მოხვდა.


ესკობარის საცოლე პამელა კასკარდო ჰყვება, რომ ყოველი გასროლის შემდეგ მკვლელი სამხრეთ ამერიკელი საფეხბურთო კომენტატორების მსგავსად ჰყვიროდა: „გოოოოოოოლ!“

სხვა მოწმეები ამბობენ, რომ მკვლელმა დაიძახა: „მადლობა ავტოგოლისთვის, ძაღლიშვილო“!  

ფეხბურთელის სიკვდილი საავადმყოფოში ღამის 4 საათზე ექიმებმა დააფიქსირეს.


 

…ანდრეს ესკობარის მკვლელმა უმბერტო მუნიოს კასტრომ კატეგორიულად უარყო, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს რაიმე კავშირი ჰქონდა ფეხბურთთან. მან თქვა, რომ კლუბში თავის შეფთან, ვინმე სანტიაგო გალონ ელანოსთან ერთად შედიოდა, სადაც ჩვეულებრივი გაწევ-გამოწევა ატყდა. მოკლედ, შეფს გამოვექომაგეო. რაც შეეხება ფეხბურთს, კასტროს თქმით, მას კოლუმბიისა და აშშ-ს ნაკრებთა თამაში საერთოდ არ ჰქონდა ნანახი და იქვე, სასამართლოში იკითხა, ავტოგოლი რაღა ჯანდაბააო.

მოგვიანებით, რომ შეატყო ყველაფერი მას ბრალდებოდა, კასტრომ ისრების ელანოსკენ გადაყვანა სცადა - თქვა, რომ სროლა მან უბრძანა, მაგრამ ფეხბურთთან კავშირი მაინც უარყო.

და სასამართლომ დაადგინა, რომ ანდრეს ესკობარის მკვლელობა გახლდათ „ჩვეულებრივი“, საყოფაცხოვრებო დანაშაული, რომელიც არაფრით  განსხვავდებოდა დანარჩენი 40 მკვლელობისგან, იმ წყეულ ღამეს მედელინში რომ მოხდა.

უმბერტო მუნიოს კასტროს 43 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2006 წელს,  ის კარგი ყოფაქცევის გამო ციხიდან გამოვიდა.

 

 

 

 

.