ვარდავით ქალები

 

 

 

 

 

 

 

ეგვიპტეში, ეროვნული გუნდის ნახევარმცველის, ამრ ვარდას გარშემო სკანდალი აგორდა. გასულ კვირას ის ერთდროულად რამდენიმე ქალბატონმა დაადანაშაულა სექსუალური შევიწროების მცდელობაში. მათ ფეხბურთელთან მიმოწერის სქრინშოთები გამოაქვეყნეს, სადაც  ცუღლუტი უცენზურო გამონათქვამებს კადრულობს. ასევე ვიდეო, რომელშიც ვარდა მათ პენისს უჩვენებს.
შესაძლოა, ეს ამბავი არც არავის შეეტყო, მაგრამ ერთ-ერთი გოგონა ცნობილი ეგვიპტელი მოდელი მერჰან კელერი აღმოჩნდა.
საპასუხოდ ვარდამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ოჯახს, თანანაკრებელებს და ეგვიპტის ფეხბურთის მმართველებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ქალბატონები არ უხსენებია.

 

„ბოდიშს გიხდით იმისათვის, რაც გავაკეთე. ბოდიში ჩემს ოჯახს, მეგობრებს ეროვნულ გუნდში და ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციას. ყველას, ვისაც ვაწყენინე. მაპატიეთ,“ - ამბობდა ვარდა.
ის ეროვნული გუნდიდან გარიცხეს, თუმც მას პარტნიორებმა დაუჭირეს მხარი, მო სალაჰის თამადობით.

ლივერპულის ვარსკვლავმა თქვა, რომ ქალბატონებს, ზოგადად, პატივი უნდა ვცეთ და თუ ისინი ამბობენ „არას,“ ესე იგი, ეს ნიშნავს „არას.“ მაგრამ ვარდა მეორე შანსს იმსახურებს. ფეხბურთელებს ეგვიპტეს სპორტის მინისტრი არშაფ სობჰი დაელაპარაკა, რის შემდეგაც, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურმა ვადას ნაკრებში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. „ვაბრუნებთ გუნდური სოლიდარობის ფონზე, რათა ბოლომდე დაიხარჯოს თავისი ქვეყნისათვის და გულშემატკივრები გაახაროს,“ - წერია განცხადებაში.
ჟურნალისტებმა კი გამოიკვლიეს, რომ ვარდა ჯერ  კიდევ ბერძნულ პაოკ-ში თამაშისას, 2017 წელს, თანაგუნდელების ცოლებს ეკურკურებოდა.

 

 

მაგრამ ამჯერად საქმე ისე მოტრიალდა, რომ მომჩივანი ქალბატონები მსხვერპლის ნაცვლად ლამის პროვოკატორებად გამოცხადდნენ. 
მერჰანმა თქვა, რომ აღარც კი იცის, როგორ დაბრუნდეს ეგვიპტეში და ყველაფერში სალაჰი დაადანაშაულა. 
„მომისმინეთ, ახლა ის რეალურად ჩვენი ქვეყნის ღმერთი და კერპია. ის არ არის უბრალოდ ფეხბურთელი. მას ყველა უსმენს და მიაჩნიათ, რომ არასოდეს ცდება. ახლა ეგვიპტეში ვეღარ ვბრუნდები, რადგან მსხვერპლიდან დამნაშავედ გადავიქეცი. საკმარისია ქუჩაში გამოვჩნდე, რომ ადამიანები თავს დამესხმებიან. ყველას მოგეხსენებათ როგორები არიან ფეხბურთის ფანატები. ეგვიპტელი ფანები კი სხვებზე ასჯერ აგრესიულები გახლავან.“

ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ კელერს შეურაცხყოფენ, ის არის, რომ ლამაზმანმა თავისი გვერდი გააუქმა ინსტაგრამში, იმ უხამსი კომენტარების გამო, რომლებსაც მისი სურათის გამო წერდნენ.
არადა, სექსუალური აგრესიის პრობლემა მართლაც არსებობს ეგვიპტეში. 2013 წელს გაერომ კვლევა ჩაატარა და საშინელი სურათი მიიღო - აღმოჩნდა, რომ ეგვიპტელი ქალების თითქმის 99 პროცენტი ყოფილა ამ პრობლემის მსხვერპლი.

 

 

ახლა სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ მო სალაჰის ინტერვიუს, რომელიც მან Time-ს მისცა და რომელშიც ეგვიპტეში და საერთოდ, მუსლიმანურ ქვეყნებში ქალებზე ძალადობის პრობლემაზე საუბრობდა. ყურადღებას ამახვილებენ მის ნათქვამზე, ვარდასთვის მეორე შანსის მიცემის შესახებ.
ეგვიპტეში მო მართლაც ღმერთია და ტყუილიც დაეჯერება, მაგრამ ევროპაში მაინც და მაინც ვერ მიხვდნენ, რაში იყო საქმე.

 

 

 

 

 

.