თორნიკეს თვე

საქართველოს ნაკრებში ჰალკი ჩამოდის. რკინის კაცის ინტელექტით. თორის საბრძოლო უნარებით. მოკლედ, იდეალური მეომარი, რომელიც მზად არის ყველა ჩეხვისთვის და ეს მეომარი არ იღლება.

თორნიკე შენგელია.

ბასკონიას ფორვარდი ესპანეთის ჩემპიონატში თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ეისიბი ლიგას მოკლე თვე აქვს. იწყება სანაკრებო გარჩევები და თებერვალი შეიკრა. მანამდე, ესპანეთის თასის თამაშებია და ჩემპიონატი 29 თებერვალს განახლდება.

და, პროცესში, თორნიკეს კიდევ ერთი აღიარება.

თოკომ თებერვალში დაგლიჯა.

უნიკახასთან - 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 პასი. თოკოზე 6 ფოლი დაირტყეს. ჩვენი ბიჭის მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო. კლასიკა.

ობრაიდოროსთან - 19 ქულა თოკოსგან. მტკივნეული პრეზენტი. 7 მოხსნაც. 4 ჩაჭრაც. 3 პასი ეკლიან თაიგულში. თოკოზე ამჯერადაც 6 ფოლი მიიღეს. შეუჩერებელი. მარგი ქმედების კოეფიციენტი - 33. მონსტრი.

საშუალოდ - 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 პასი და მ.ქ.კ - 29. თოკო უკონკურენტო იყო. თოკო მთელი სეზონის განმავლობაში დაუნდობელია.

თოკომ მეორედ მოხსნა ჯეკპოტი ესპანეთში. პირველად, 2018 წლის ოქტომბერში.

ძალიან რთულია არასტაბილურ, ტრავმებით დაჩეხილ გუნდში ბევრის მოსწრება და შენგელია ამას აკეთებს. პროფესორი გუნდში, სადაც ბევრ მოთამაშეს ჯერ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი. ეს თოკოს სეზონია.

გვინდა, რომ მომავალი წლიდან გუნდმაც გაქაჩოს და შენგელიას კალათბურთიც უფრო ფერადი გახდება. მანამდე, ვიკაიფოთ თოკოს პერსონალური აღიარებით.

ესპანური ხერესი თვეების მიხედვით: ბრენდონ დევისი (ბარსელონა, სექტემბერი), ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა, ოქტომბერი), აშკია ბუკერი (მურსია, ნოემბერი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, დეკემბერი), ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა, იანვარი), თორნიკე შენგელია (ბასკონია, თებერვალი).

მადლობა, ბიჭებო.