კევინ გარნეტის მწვანე მილი

შემდეგ სეზონში ბოსტონ სელტიქსი კიდევ ერთ ნომერს ამოიღებს ხმარებიდან.

N 5.

კევინ გარნეტის ნომერი.

კიდევ ერთი უკვდავი ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ისტორიაში.

და, გარნეტმა ეს დაიმსახურა. მინესოტაში გატარებული 12 საინტერესო, მაგრამ უფრო, ინდივიდუალურად გამორჩეული სეზონის შემდეგ, გარნეტი გაცვალეს ბოსტონში. მინესოტაში კევინის მაქსიმუმი (გუნდთან ერთად) დასავლეთის კონფერენციის ფინალი (2004) იყო, სადაც მგლები ლეიკერსმა აჩეხა. გარნეტი იმ სეზონში რეგულარულის MVP გახდა.

ბოსტონში ახალი ეტაპი დაიწყო. პოლ პირსთან და რეი ალენთან ერთად. ამ ტრიოს ახალგაზრდა რაჟონ რონდო ეხმარებოდა და სელტიქსმა პირველივე სეზონში (2008) ჩემპიონობა გაშანსა. გარნეტი წლის საუკეთესო დამცველად დაასახელეს.

გარნეტი დაცვაში კლავდა.

ბოსტონში კევინი საშუალოდ 18.3 ქულას, 9.7 მოხსნას და 3.2 შედეგიან გადაცემას იღებდა. სოლიდური კონტრიბუცია ყველაზე გუნდურ გუნდში.

ბოსტონი ლეგენდების ფრენჩაიზია. გუნდს 22 უკვდავი ნომერი აქვს. გუნდი ლეგენდების პანთეონია. გუნდი, სადაც იგებდნენ ლარი ბერდი, ბილ რასელი, ბობი კუზი, ჯონ ჰავლიჩეკი, კევინ მაქჰეილი.

ტიტანები.

მწვანე მილი კევინ გარნეტმაც უნდა გაიაროს და შემდეგ - უკვდავება. პროცესში, გარნეტს (კობი ბრაიანტთან და ტიმ დანკანთან ერთად) დიდების დარბაზშიც აირჩევენ.

მოგვიანებით, სელტიქსმა ასაკში შესული გარნეტი ბრუკლინში გაუშვა და სანაცვლოდ, დრაფტის რამდენიმე არჩევანი მიიღო. გარნეტი ამ თემაშიც სასარგებლო აღმოჩნდა.

ამ გაცვლამ ბოსტონს ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნი აჩუქა.

ქეი ჯი. ლეგენდა.