ეს იქნება სისხლიანი კალო

უკვე გატყობინებდით, რომ ინგლისის რაგბის კავშირმა ჩემპიონშიპის, ანუ რანგით მეორე ლიგის გუნდებს დაფინანსება უნახევრებს. ამან, ცხადია, ინგლისური კლუბების ხელმძღვანელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მით უფრო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს.

 

"ეს უმძიმესი დარტყმაა. ჩვენ გაოგნებულნი ვართ. ჩვენ არა მარტო იმით ვართ გაწბილებული, რომ დაფინანსება შეგვიმცირეს, არამედ იმითაც, თუ რა ფრომით გააკეთეს ეს.

 

ყველა გუნდის ხელმძღვანელი შეძრწუნებულია. ჩვენ ვუთხარით ბილ სუინისა და კონორ ოშის, რომ, ფაქტობრივად, მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს პროფესიულ კლუბებს ინგლისის მეორე დივიზიონში.

 

ჩვენ უკვე განხორციელებული გვაქვს მრავალმილიონიანი ინვესტიცია, ავაშენეთ ახალი სტადიონი და არც პრემიერ ლიგაში გადასვლის ამბიციაზე ვიტყვით უარს. ჩვენ, ისევე როგორც კლუბების უმრავლესობა, შევძლებთ შევინარჩუნოთ პროფესიული სტატუსი. თუმცა, ამას ყველა ვერ შეძლებს. ისინი იძულებულნი იქნებიან დაითხოვონ მორაგბეები, მომსახურე პერსონალის ნაწილი.

 

ჩვენ ვუთხარით ინგლისის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს, რომ მათი გადაწყვეტილება ქაოსს გამოიწვევს. ეს იქნება სისხლიანი კალო." - თქვა კორნიშ პირატსის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ დარკინმა.