ნიჭიერი კაცი ზიდანის გაგებით

 

 

 

 

 

 

 

წინა სეზონში ფურორის შემდეგ ამსტერდამის აიაქსის ახალგაზრდული გუნდი ნელ-ნელა დაიშალა. იუვენტუსში წავიდა წავიდა დავცის ბურჯი მატეის დე ლიხტი, ბარსელონას მიაშურა ფრენკ დე იონგმა, ჯენოაში ამოყო თავი ლასე შიონემ, გუშინ გაირკვა რომ ზაფხულიდან ჩელსიში ითამაშებს ჰაკიმ ზიეჩი... აიაქსის კაპიტანი და ლიდერი დუშან ტადიჩი კი ისევ გუნდშია... ახლა უკვე მასზეა ახალი აიაქსის მთელი ტვირთი, თუმც როდემდე ზიდავს, ეგეც საკითხავია...  

ვინ არის, რას წარმოადგენს, როდის გამოჩნდა ეს მაგარი ფეხბურთელი დიდ საფეხბურთო არენაზე?

აბა, დავიწყოთ:

ჩვენ ის საქართველო-სერბეთის შეხვედრიდან უფრო გვახსოვს. დინამო არენაზე სერბებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 3:1 მოიგეს. ანგარიში ნიკა კაჭარავამ გახსნა და ტაიმის ბოლომდე ჩვენები იგებდნენ კიდეც, მაგრამ „გასახდელის გოლი“ მაინც მიიღეს. ჯერ  იყო და, მსაჯმა კანკავა გააფრთხილა ტადიჩის მიმათ უხეში ვარდნისთვის. მალევე  პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად სწორედ დუშან ტადიჩმა დაარტყა. მან შემდეგაც არა-ერთხელ შეაწუხა ჩვენი მცველები და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

მაშინ ის საუთჰემპტონის ფეხბურთელი იყო. რონალდ კუმანი ერთობ აფასებდა სერბს და ჯერ კიდევ ფეიენოორდში მუშაობისას სურდა მისი გადაბირება, მაგრამ ჰოლანდიელის „წმინდანებიდან“  წასვლის შემდეგ, ტადიჩის საქმეები კარგად ვეღარ წავიდა და აიაქსში გადაბარგდა. ძალიან მოეწონა ნიდერლანდები: „აქ ცხოვრება ჯობს ინგლისში ყოფნას. ინგლისში მხოლოდ ლონდონია. აქ კი ყველაგან სისუფთავეა, კარგი გზები, ქუჩები და ბარებია. ნიდერლანდები განსაკუთრებული ქვეყანაა,“ - უთხრა ტადიჩმა იქაურ ჟურნალისტებს.

 

სერბს ნიდერლანდური ფეხბურთის ფილოსოფიაც მოსწონს, აიაქსამდე ის გრონინგენსა და ტვენტეში თამაშობდა. 

„აქაურ მწვრთნელები შემტევ ფეხბურთს ესწრაფვიან, რაც ჩემთვის ახლობელია. მათ მინდორზე დომინირება სურთ და ეს დიდებულია,“ - ამბობს სერბი შემტევი. 

ტადიჩი ვოევოდინას გაზრდილია. ოთხ წელიწადს ის კლუბის აკადემიაში იზრდებოდა, შემდეგ კი ძირითადის ფეხბურთელი გახდა. სერბულ გიგანტებში - ცრვენა ზვეზდასა და პარტიზანში გადასვლაზე მაშინ ოცნებაც არ შეიძლებოდა. მით უმეტეს, რომ ვოევოდინას ყოფილი პრეზიდენტი რატკო ბუტოროვიჩი გახლდათ. ეს კაცი უცნაურად იცვამდა (ლედი გაგას სტილისტიც იყოო, ამბობდნენ), ბნელი წარსული ჰქონდა და ტრანსფერებისას ერთი შეუვალი წესი ჰქონდა: თავის გამორჩეულ ფეხბურთელებს არასოდეს მიჰყიდდა სერბულ ბობოლებს. მას ნიჭიერი ბიჭების ევროპაში დასაქმება უყვარდა. ტადიჩიც პირდაპირ გრონინგენში გაუშვეს. მერე იყო ტვენტე და ბოლოს საუთჰემპტონი. 

ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო, ნათქვამია. ალბიონზე ჩასვლისას დუშანმა უკვე კარგად იცოდა ინგლისური და გასაგებად საუბრობდა ესპანურად. ბავშვობაში სერბეთში ბევრი ესპანურენოვანი გადაცემა იყო ტელევიზორში, ასე შემომესწავლა ესპანურიო, - ახსნა ტადიჩმა თავისი ლინგვისტური წარმატების საიდუმლო.

 

გახსოვთ, აიაქსი - რეალის ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი მატჩი? ფრანგულმა L’Equipe-მა მას მაქსიმალური შეფასება მისცა. ის მეათე მოთამაშე გახდა, ვისაც ასეთი პატივი ერგო. მაგალითად, თავის დროზე, უმაღლესი შეფასება მისცეს ლეო მესის ლევერკუზენთან შესრულებული პენტა თრიქის გამო. ასევე რობერტ ლევანდოვსკის რეალის კაში გატანილი ოთხი გოლის კვალად.

რეალთან მისი ზიდანის სტილში შესრულებული ფინტი კი ლიგის ისტორიაში ერთერთ საუკეთესო ეპიზოდად ითვლება. როცა ეკითხებიან, საიდან ასეთი ტექნიკაო, პასუხობს: „ზიდანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო. ეტყობა ძალიან ბევრ მის ვიდეოს ვუცქირე და მეც გადმომედო...“

ჭეშმარიტად, მიეცით ნიჭსა გზა ფართო.

 

 

 

 

 

 

.