ნუგზარი მასწ, მადლობა

ვითა იგებდა ნიჭით და სიღრმით.

აზოტი იგებდა რამაზათი და ჯაფარათი.

ხოშტარა იგებდა ყველასთან ერთად.

ბასკო იგებდა ემირიძის მენეჯმენტით.

სტუ და თსუ იგებდა მთავარი მწვრთნელის ხასიათით. ეს ხასიათი გუნდზე გადადიოდა და იწყებოდა ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში.

ნუგზარ ჭეიშვილის გუნდის თამაში. და, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ ჰყავდა ნუგზარი მასწავლებელს. ის შედეგს იღებდა და ეს შედეგი მისგან მოდიოდა.

უბრალოდ, ამ უბრალო კაცს მაგრად უყვარდა კალათბურთი.

რა ვიცი, მე ასე ვხედავდი და არ მგონია, ბევრს სხვა აზრი ჰქონდეს.

ჭეიშვილის გუნდები იგებდნენ იმ მუხტით, იმ სიჯიუტით, რაც მოთამაშეებს ნუგზარი მასწავლებლისგან ჰქონდათ ნასწავლი.

ის სტუ, რომელსაც ამ კაცმა ფინალში გაიყვანა და იქ, ტრავმირებული ლიდერებით, ბავშვებით (რიჩარდ მათიაშვილი, ბექა წივწივაძე) მაგარ თბილავიამშენს აჯობა. იმ გუნდში გახდა ჩემპიონი (ბევრი წაგებული ფინალის შემდეგ) რამაზ გოგობერიშვილიც.

დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში ამ ადამიანს ძალიან დიდი დამსახურება აქვს. შეუწყო ხელი გოგონებში სპორტის ამ სახეობის განვითარებას, პოპულარიზაციას. ეხმარებოდა პატარებს და სხვებისგან განსხვავებით, ამას უსასყიდლოდ აკეთებდა.

და, ნუგზარი მასწავლებელი უბრალოდ, არ უნდა წავიდეს კალათბურთიდან. სადაც არ უნდა იყოს გაჩერებული, ის გუნდი ყველასგან გამორჩეული იქნება.

გვინდა, რომ ეს ადამიანი კალათბურთში დარჩეს.

მისი გუნდები არ ცელქობენ და სისხლამდე თამაშობენ. ის, რაც ბევრს აკლია.

და, ამის და არა მხოლოდ ამის გამო, დიდი მადლობა, ნუგზარი მასწ!