ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი

მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 3 იანვარს, მილანში  არმანისთან  გამართავს

ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში 2018 წლის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. თორნიკე შენგელიას ბასკონიაზე ადრე ვწერდით, ახლა კი მიუნხენში გადავინაცვლებთ, სადაც ბაიერნი ბუდუჩნოსტს მასპინძლობდა და დაძაბულ ბრძოლაში 93-88 იმარჯვა.

 

ჩვენი ინტერესი გოგა ბითაძის მიმართ იყო მიპყრობილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სერბული მეგა ბიმაქსიდან სწორედ ბუდუჩნოსტში გადაბარგდა და შესაბამისად ევროლიგაშიც დებიუტი ჰქონდა.

 

საქართველოს ნაკრების 19 წლის ცენტრს კი დებიუტი მართლაც ბრწყინვალე გამოუვიდა. ბითაძემ პარკეტზე 23 წუთი დაჰყო და გუნდს 17 ქულით შეეწია. ამასთანავე მის აქტივში 7 მოხსნა, 4 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. ბითაძეზე უკეთესი შედეგი  ბუდუჩნოსტში მხოლოდ ნორის კოულს ჰქონდა, რომელსაც ნბა-ს გუნდებში წლები უთამაშია და  ბაიერნთან მატჩში 27 ქულა და 6 პასი მიითვალა. 

 

3 მოგებით და 12 მარცხით  ბუდუჩნოსტი  16-გუნდიან ევროლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 3 იანვარს, მილანში არმანისთან  გამართავს.