მწვრთნელი, პრეზიდენტი, მეგობარი

ადრე სხვა იყო.

ადრე საქართველოს ნაკრებში სულ აქაურები იყვნენ. გამონაკლისები გამონაკლისებივით იქცეოდნენ, მიზეზობდნენ და ხანდახან, პატარა ცრუპენტელობით ნაკრებში სათამაშოდ არ ჩამოდიოდნენ.

აქეთ, ვითა აზოტს ესაუბრებოდა.

აქვე, გელა დარსაძის ბოლო სეზონი იყო.

და, ყველანი ნაკრებს ველოდებოდით. ჩვენი სისხლი, ჩვენი სიამაყე, ჩვენი გული.

როდესაც იმ ნაკრებში დუდუ დადიანი იდგა, იცოდი, რომ ყველას სისხლამდე შევასკდებოდით. იმ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ვითას ჰყავდა. გუნდი-ჩემპიონი. გუნდი-ტრადიცია. გუნდი-მაგალითი.

იმ ვითას, იმ ნაკრებს ერთი კაცი ალაგებდა. ეს იყო მწვრთნელი სამწვრთნელო ამბებში გამოცდილების გარეშე. უბრალოდ, მას ესმოდა ბიჭების და მას უსმენდნენ.

ბესიკ ლიპარტელიანი.

მას უთამაშია კალათბურთი, მაგრამ გაცილებით წარმატებული, დაკავებული და სახელოვანი ლიპარტელიანი-მწვრთნელი გახდა. და, კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელში მოკალათდა.

იმ ფედერაციის, რომელსაც ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, აკლდა მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა კალათბურთის სიყვარული და მეგობრული კავშირები იყო.

როგორც იმ, ლიპარტელიანის ნაკრებს. რომელიც იგებდა, რომელიც იშვიათად დადიოდა მაგარ შეკრებებზე, რომელიც ყოველთვის ერთად იყო და რომელმაც იცოდა, რომ სპორტის სასახლეში შეკრებილი გულშემატკივარი არ უნდა დაემწუხრებინა.

ლიპარტელიანი ყველაზე თავისუფალი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

და, ის იქ მთავარი იყო. და, მწვრთნელიც. რომელიც მერე და მერე, რამდენიმე მეგობართან ერთად უკვე მთელ კალათბურთს აქცევდა ყურადღებას, ნიავს არ აკარებდა.

კარგი დრო. კარგი ამბები. კარგი გასახსენებელი.