მოკლედ, რა ხდება სიტიში და რას უნდა ველოდოთ...

“უეფას ლიცენზირებისა და ფინანსური ფეირ პლეის სერიოზული დარღვევები,“ - ვკითხულობთ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც სიტი ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთეს და ჯარიმად კიდევ 24.9 მილიონი გირვანქა დააკისრეს.

 

დისკვალიფიკაცია მიმდინარე სეზონს არ ეხება, სადაც სიტი Play Off-ში თამაშს გააგრძელებს (27.02 - რეალი VS სიტი; 18.03 - სიტი VS რეალი). სასჯელი ძალაში მომავალ სეზონში შედის.

 

მართალია უეფას განცხადებაში კონკრეტულად არ წერია ინგლისური კლუბი რატომ დაისაჯა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს „შპიგელის“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატების ციკლს უნდა ეყრდნობოდეს, რომელზედაც ოფიციალურად გამოძიება 2019 წელს დაიწყო.

 

პორტუგალიელმა ჰაკერმა, რუი პინტომ გერმანულ გაზეთს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილები მიაწოდა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სიტის ხელმძღვანელობა სპონსორებთან დადებულ ხელშეკრულებას ხელოვნურად ზრდიდა, რათა ფინანსური ფეირ პლეის დარღვევა არ გამოვლენილიყო.

 

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი Etihad-ს უკავშირდება. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ქალაქელთა გენერალური სპონსორი კლუბს წელიწადში 67.5 მილიონ გირვანქას უხდის, რეალურად კი ასე არ არის, აქედან 57 მილიონი გირვანქას, სიტის პრეზიდენტის, შეიხ მანსურის კომპანია „აბუ დაბის გაერთიანებული ჯგუფი“ ფარავს, გენერალური სპონსორი კი დაახლოებით 10 მილიონ გირვანქას იხდის.

 

 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სიტი უარყოფს, თუმცა, როგორც კლუბში ამბობენ, ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებულები არ დარჩენილან და გასაჩივრებას აპირებენ.

 

რა მოხდება, თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება?

 

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სიტი რომელზეც არ უნდა გავიდეს, შემდეგ სეზონში უეფას ტურნირებზე თამაშს ვერ შეძლებს. თუ ქალაქელებმა სეზონის ბოლომდე ოთხეულში ადგილი შეინარჩუნეს, მომავალ ტურნირზე მონაწილეობას არა სიტი, არამედ მეხუთე ადგილზე გასული კლუბი მიიღებს, ამ პოზიციაზე კი ახლა შეფილდ იუნაიტედია.

 

ეს შეეხება ევროპა ლიგასაც, რადგან თეორიულად შესაძლებელია ლიგის თასი ან FA Cup სწორედ მანჩესტერულმა გუნდმა მოიგოს და ამ ტურნირზეც ვერ გავიდეს. მის ადგილს მერვე ადგილზე გასული გუნდი დაიკავებს...

 

სიტიში უეფაზე ძალიან ბრაზობენ

 

„მარტივად რომ ვთქვათ, უეფამ სარჩელი შეიტანა, პროკურორიც ისაა და განაჩენიც მას გამოაქვს

 

ეს მავნე პროცესი ახლა დამთავრებულია, მაგრამ, რაც შეიძლება მალე, კლუბი მას უმაღლეს, მიუკერძოებელ ინსტიტუტში, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს,“ - ნათქვამის სიტის განცხადებაში.

 

 

რას იზამს პეპი?

 

კვირის დასაწყიში გვარიდოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ რეალის დამარცხებას ვერ მოახერხებდა, გაათავისუფლებდნენ

 

„თუ რეალს ვერ მოვუგებთ, მფლობელი ან სპორტული დირექტორი მოვა და მეტყვის: „ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის, ჩემპიონთა ლიგა გვინდა მოვიგოთ, შენ კი გათავისუფლებული ხარ“

 

შესაძლოა პეპი უტრირებს, რადგან რეალსა და სიტის შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, თუმცა ახლა საკითხავია, რომც მოიგოს, თავად თუ დარჩება...

 

ესპანელის ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რაც მხოლოდ ბარსელონაში შეძლო და ამას ხშირად ახსენებენ - მისი ფორმაციის ბარსაში ხომ ეპოქალური ფეხბურთელები თამაშობდნენ. ბაიერნისთვის (სადაც პეპი ბარსას შემდეგ მუშაობდა) ბუნდესლიგა და პოკალი (გერმანიის თასი) არაფრის განმსაზღვრელი არ არის, მან კი ლიგის მოგება იქ ვერ მოახერხა.

 

განაჩენი ძალაში თუ დარჩა, ალბათ პეპი წავა და მისი გადაბირების მთავარი ფავორიტები ისევ მიუნხენური და კატალონიური კლუბები იქნებიან, ესპანელს ხომ ორივე გრანდთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თანაც ორივე ახალ მწვრთნელს საჭიროებს...

 

 

რას იზამენ ფეხბურთელები?

 

"საით მიფრინავენ იხვები, როდესაც ტბა იყინება?"

 

ეს დამოკიდებული მხოლოდ ფეხბურთელებზეც არ არის.

 

გასათვალისწინებელია, რომ ევროტურნირებზე არ გასვლა სიტის სერიოზულ ფინანსურ ზარალსაც მიაყენებს. Sky Sport-ში ფინანსების ექსპერტმა კირან მაგუაიერმა განაცხადა, რომ ქალაქელები ჯამურად 361 მილიონ ევროს დაკარგავენ.

 

ლეროი სანეს ბაიერნში გადაბარგების შესახებ ისედაც ბევრჯერ დაიწერა, ახლა კი ამის შანსი ერთი ორად გაიზარდა, რადგან გერმანელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება, თანაც ჯვარედინი მყესები დაზიანებული აქვს და არავინ იცის როგორ ფორმაში დაბრუნდება. სავარაუდოდ, რეკორდმაისტერი მის გადაყვანას იმაზე ნაკლებ თანხად შეძლებს, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

 

მართალია, აგუერომ თქვა, რომ სიტიში იმდენ ხანს დარჩება, სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოიგებს, მაგრამ მას შემდეგ გარემოებები შეიცვალა. არგენტინელი ფორვარდი 31 წლის არის, კონტრაქტი კი 2021 წლამდე აკავშირებს. სავარაუდოდ, სერხისაც თვალი წასვლაზე ექნება.

 

 

2020 წლის ზაფხულში კონტრაქტი იმ სამ ფეხბურთელს უმთავრდება, რომელთა გვარიც გულშემატკივრებს ბევრ რამეს ეუბნება - დავიდ სილვა (რომელიც წასვლას ისედაც აპირებდა); ნიკოლას ოტამენდი და კლაუდიო ბრავო.

 

სხვა ფეხბურთელების კონტრაქტები უფრო ხანგრძლივია, თუმცა რამდენი ვარსკვლავი მოისურვებს იმ გუნდში დარჩენას, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში არ ითამაშებს? უღირს კი ამ კლუბს, ამხელა ფინანსური ზარალის შემდეგ, ფეხბურთელების ხელფასში ამდენივე გადაიხადოს რამდენსაც მანამდე იხდიდა? სიტი, დაახლოებით,  იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც იუვენტუსი კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ იყო. ქალაქელებს ერთგული ფეხბურთელები ნამდვილად დასჭირდებათ...