ოთარ ხმელიძის ქალაქი და გუნდი

რუსთავში კალათბურთი რუსთაველების იყო. გუნდი ძირითადად, ადგილობრივებით იყო დაკომპლექტებული. მაშინ, საქართველოს ჩემპიონატიც ქართველების გარჩევებში იწყებოდა და მთავრდებოდა.

ლეგიონერების გარეშე. ათასდოლარიანი ვარსკვლავები ჯერ ვერ მოდიოდნენ ჩვენამდე და გუნდებიც მთელ ფინანსებს ქართველებს უხდიდნენ.

და, ჩემპიონატიც საკაიფო იყო.

რუსთავში რამაზ გოგობერიშვილი დაბრუნდა. საბერძნეთიდან. ჩამოვიდა ირაკლი ჯაფარიძე. დაიწყო ყომარი ვლადიმერ ბოისამ. კარგი გუნდი კარგი დაბლებით (თბილისელი ზაზა გაბისონია, ბადრი კიკვიძე, სხვები) შეკრეს და მივიღეთ საჩემპიონო ანსამბლი.

და, ეს გუნდი სიამაყით, ლტოლვით იგებდა. ერთი სეზონი გუნდმა თითქმის წაუგებლად დაასრულა, მაგრამ იწყებოდა ფლეი ოფი და რუსთავი აგებდა ვითასთან. წლიდან წლამდე. სერიიდან სერიამდე. ან - ბასკოსთან. აგებდა, ვისაც ფინალში ხვდებოდა. ყველასთან. მოგვიანებით, როდესაც ინვესტორებმა ენერჯი ინვესტი შექმნეს, გუნდი ზედიზედ ბევრჯერ გახდა ჩემპიონი, მაგრამ ეს უკვე საქართველოს ნაკრების ბირთვი და ლეგიონერების მიქსი გახდა.

რუსთავის აზოტმა დაამთავრა არსებობა.

იმ გუნდს ქმნიდა, იმ გუნდს უფრთხილდებოდა ერთი დამსახურებული, ძალიან კარგი მწვრთნელი.

ოთარ ხმელიძე.

რომელიც ბავშვობიდან შეყვარებული იყო კალათბურთზე და როდესაც გუნდი ვერ იგებდა, ყველაზე ღრმად ბატონი ოთარი განიცდიდა. იმიტომ, რომ ის არ იყო მხოლოდ მწვრთნელი. იმიტომ, რომ ის მოთამაშეებს ძალით აჭმევდა კარაქიან პურს. თაფლით. იმიტომ, რომ მას ბიჭები შვილებივით უყვარდა.

ოთარ ხმელიძე დღეს პატარებშია. და, იმ პატარებს გამოცდილებას და ცოდნას აძლევს. თან, კაცობასაც ასწავლის და გამიხარდება, თუ ახლო მომავალში საქართველოს ნაკრებში რუსთაველებიც იქნებიან. და, ის რუსთაველები რუსთავში ითამაშებენ.

როგორც ეს ბატონ ოთარს სურს.

მაგარი ადამიანი, რომელიც კალათბურთზეა შეყვარებული.