ჭიდაობა, რომი - პროგრესიც, რეგრესიც...

მაშ ასე, რომში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებში როგორც პროგრესი, ასევე რეგრესი შეინიშნება.

 

დავიწყოთ კარგით, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 2016 წლის შემდეგ, გენო პეტრიაშვილის (125 კგ) ოქროს მედალი მოპოვებული არ ჰქონდა. 2017-ში ის მესამე ადგილზე გავიდა (საბედნიეროდ, მაშინ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გაგვახარა და ოქრო მოიგო (61 კგ)); 2018-სა და 2019-ში კი მეორეზე.

 

წლეულს, ქართველმა ფალავანმა ფინალში პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა. რა თქმა უნდა, ეს გენოს წარმატებას არ აკნინებს, თუმცა ევროპაზე მონაწილეობა მის პრინციპულ მეტოქეს, ოლიმპიურ, ორ გზის მსოფლიო და 6 გზის ევროპის ჩემპიონს, ტაჰა აკგულის არ მიუღია. პრინციპული ბევრი რამის გამო არის, თუმცა ჩვენ მხოლოდ ფინალები ვთქვათ: თურქმა ჩემპიონმა პეტრიაშვილს ევროპის ორი ფინალი (2018 და 2019) მოუგო, ჩვენებურის ანგარიშზე კი მასთან მსოფლიოს ორ ფინალში გამარჯვებებია (2017 და 2019).

 

 

გენოსთან საჭიდაოდ ტაჰა აკგული სხვა ქართველებსაც მოუმზადებიათ, მაგალითად სომხეთის ნაკრების წევრ - გიორგი ბერიანიძეს, გიორგი მეშვილდიშვილს თუ დავით მოძმანაშვილს...

 

ევროპის ჩემპიონატზე პეტრიაშვილის ოქრო ერთადერთია, რომელიც წამოვიღეთ. უკვე მესამე წელია, ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში გადის და იქ მხოლოდ ვერცხლს სჯერდება. ავთანდილ კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლები ჩამოგვიტანეს.

 

 

ამ შედეგით, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი (95 ქულა) დაიკავა.

 

მართალია 2019 წელს ჩვენს ნაკრებს 104 ქულა ჰქონდა, მაგრამ მაშინ ეს შედეგი მეოთხე ადგილს ეყო.

 

საერთოდაც, 2016 წლის შემდეგ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სულ მეოთხე ადგილზე გავდივართ და, წლევანდელი შედეგის გათვალისწინებით კი, წინა 3 წელთან შედარებით, ერთი ნაბიჯით წინ ვარ. საქართველოს ნაკრებისთვის, 2016-ში ძალიან მაგარი ევროპა გამოვიდა, მაშინ გენომ პირველი ოქრო მოიპოვა, ხინჩეგაშვილიც პირველზე გავიდა, ტლაშაძემ ვერცხლი მოიგო, ბრინჯაო კი სამმა ქართველმა ჩამოიტანა - ოდიკაძემ, მარსაგიშვილიმა და მაკარაშვილმა. მაშინ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრები პირველზე გავიდა.

 

 

უკვე ორი წელია, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქრო არ აგვიღია. წელს, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი ვერცხლი - ლევან არაბული (130 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) და ორი ბრინჯაოა - ნუგზარი წურწუმია (55კგ) და ამირან შავაძე (60 კგ)

 

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, როგორც წინა წელს, ნაკრები მეხუთე ადგილზე გავიდა და ეს ორივე შედეგი 2018 წლისას ბევრად ჩამორჩება - მაშინ გუნდურში მეორე ადგილი ავიღეთ (რობერტ კობიაშვილი (87 კგ) - ოქრო; შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) - ვერცხლი; ნუგზარ წურწუმიამ, დათო ჩხარტიშვილმა და იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაო მოიპოვეს, როგორც იური ლომაძემ, თუმცა მან დოპინგ ტესტი ვერ გაიარა).

 

ისიც აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ქულების დათვლის სისტემაც შეიცვალა და წონითი ორი კატეგორიაც (92 და 79) დაემატა, რის გამოც, 2017 წლამდე შედეგებთან შედარება ნაკლებად რელევანტურია.