კიმი დეიდა დაბრუნდა

ლეგენდა დაბრუნდა.

ბელგიამ გოგონების პრო ტურს ჟუსტინ ანენი და ის, მეორე ბუნჩულა მოთამაშე აჩუქა. რომელიც არ თამაშობდა. რომელიც გახდა დედა. და, რომელიც დაბრუნდა.

კიმ კლაისტერსი.

კიმი პირველ თამაშში რეიტინგის მე-16 ნომერთან, ეპანელ გარბინიე მუგურუზასთან აგებს. 2:6, 6:7. მუგურუზა ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ფინალისტია. კარგი გოგო. პროცესში, ბელგიელმა მეორე სეტში 0:3 დაქაჩა. კიმს აკლია სისწრაფე. კიმს აკლია ძველი აგრესია. და, კიმს აქვს ის, რაც მხოლოდ დიდ დედოფლებს ჰქონდათ, ექნებათ.

კლასი და ლტოლვა.

1997 წლის აგვისტოში კიმი პროფესიონალი ჩოგბურთელი გახდა. დღევანდელი Top 10-ის ოთხი წარმომადგენელი ჯერ დაბადებული არ იყო. რეიტინგის პირველი ნომერი ეშლი ბარტი 18 თვის გახდა.

1999 წლის US Open-ზე კიმმა საჩოგბურთო სამყაროს თავი დაუხარა, გაეცნო. ბელგიელი აგებს თანატოლ სერენა უილიამსთან და იმ ტურნირზე ყველაზე წარმატებული ბელგიელებიდან საბინე აპელმანსი (მეოთხე წრემდე მივიდა) იყო.

ორი წლის შემდეგ კიმი პირველად გადის დიდი სლემის ტურნირის ფინალში. სამი წლით ადრე კოკო გაუფის დაბადებამდე.

და, კიმმა აკრიფა.

ლეგენდარული და უცნაური სეზონი 2003-ში, როდესაც კლაისტერსი 15 ტურნირის ფინალამდე მივიდა, მოხსნა 9 ჯეკპოტი და მოიგო 90 თამაში ერთეულებში. კიმი გახდა პირველი ნომერი ერთეულებში და წყვილებში. და, პირველად WTA-ს ისტორიაში, რეიტინგის პირველი ნომერი იყო მოთამაშე მოგებული მეიჯორის გარეშე. კიმამდე პრო ტურს ჰყავდა ნაკლები პირველი ნომერი (12), ვიდრე - კიმის შემდეგ (14).

კიმი აგებს პირველ ოთხ დიდ ფინალს და 2005-ში ბელგიელმა დაისვენა - მოიგო ამერიკის ღია ამბები. გზად, აჩეხა ვენუს უილიამსი, მარია შარაპოვა და მარი პირსი.

2007. კიმი მიდის ჩოგბურთიდან. კიმმა შექმნა ოჯახი და 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. ეგრევე მოიგო ამერიკა (ფინალში კაროლინ ვოზნიაცკისთან) და ორივე უილიამსს აწყენინა. დედიკო დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი გახდა. პირველად, 1980 წლის შემდეგ.

კიმი კიდევ ერთხელ წავა. დაიწყებს ღორების მოშენებას, შევა დიდების დარბაზში და დაისვენებს. ჩოგბურთის გარეშე.

და, ის დაბრუნდა.

კიმი ჩოგბურთია. ალბათ, უკვე წარსულის, მაგრამ მასთან ერთად მომავალიც საოცრად თბილი და ლამაზია.

მადლობა, დეიდა კიმ.

რომ დაბრუნდით.