მილუოკი და ლებრონი

კობის პატივი ვეცით. კავაი ლეონარდი საუკეთესო გახდა. კავაი ისედაც საუკეთესოა. და, იწყება რეგულარულის მეორე ეტაპი.

მილუოკი (46:8) ლიდერია და ყველაზე სოლიდურად გამოიყურება. ყველაზე სოლიდურად აღმოსავლეთში. მილუოკი არ უნდა შეხვდეს ოთხჯერ დასავლეთის სერიულ მკვლელებს. მილუოკი ოთხჯერ ფლეი ოფის ისეთ სოლიდურ კლუბს გაესაუბრა, როგორიც არის ორლანდო. მილუოკი ძალიან კარგ ფორმაშია და ალბათ, მაინც ვერ მოიგებს რეგულარულში 70 მატჩს. იდეაში, შეიძლება, რომ მოიგოს, მაგრამ ბაქსმა სეზონის ბოლომდე 4 თამაშზე მეტი არ უნდა წააგოს და იანის ანტეტოკუმპო ყველა ტესტში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ბერძენი ღმერთის გარეშე რთული იქნება.

დასავლეთში სერიოზული გარჩევებია.

ლეიკერსი (41:12) ყველაზე სტაბილური და (ლიდერების მხრივ) - ყველაზე ჯანმრთელია. ლეიკერსი ლებრონ ჯეიმსს ბოლომდე არ ტვირთავს და ლეიკერსმა იცის, რომ მთავარი ბრძოლა აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება. დასავლეთის პირველი ადგილი ლებრონისთვის ბევრს ნიშნავს. ლებრონმა ეს სისხლიანი ეტაპები მინიმალური ჭრილობებით უნდა გაიაროს. რომ დიდი ფინალისთვის ფეხზე იდგას. რომ არ დაიმტვრეს კლიპერსთან სერიაში და დიდი ალბათობით, ეს სერია იქნება. უნდა იყოს.

ფინალის წარმოდგენა ლებრონის გარეშე...ალბათ, რთულია, მაგრამ ერთი კაცი სხვა აზრზეა.

ეს კაცი დგას კლიპერსში (37:18) და ის ტრავმირებულ პოლ ჯორჯს დაელოდება. კლიპერსმა ამ სეზონში 2 655 წუთი ითამაშა. კავაი და ჯორჯი ერთად? მხოლოდ 572. კავაის ასვენებენ, ჯორჯი საკუთარ თავს ასვენებს და კლიპერსი მაინც მიმწოლი გუნდია. კლიპერსმა ფლეი ოფში რვა-ცხრა ძირითადი ტიპი უნდ დაასვენოს და ამ ბანდით შეასკდეს ლეიკერსს. ან, რომელიმე სხვა გუნდს. კლიპერსი კავაიზე არის დამოკიდებული, მაგრამ თუ ჯორჯი არ იქნება, კავაი შეიძლება, დაიღალოს. გამეცინა, მაგრამ მაინც, შეიძლება.

კლიპერსი კავაის გუნდია.