ლოს ანჯელესი წელს დაიწვება

კალიფორნია ბოლო ბრძოლას ელოდება. იქ, ლეგენდარულ დარბაზში კობი ბრაიანტს გაიხსენებენ. იქ, ბრძოლის ველზე მეჯიქ ჯონსონი და ქარიმი იქნებიან. იქ, ჯეკ ნიკოლსონი კიდევ ერთხელ მოიმარჯვებს სპილოს ძვლისგან გაკეთებულ დურბინდს და დაიწყება ზღაპარი.

ლეიკერსს (41:12) დასავლეთში საუკეთესო შედეგი აქვს. ლეიკერსმა ეს დაიმსახურა.

ლებრონ ჯეიმსი ენტონი დევისს ენდობა და დევისი ბედნიერია, რომ მასთან ერთად კალათბურთის ყველაზე კრეატიული და შეუჩერებელი ჰიტმენი დგას. ლებრონმა იცის ტკივილის ფასი. ლებრონმა იცის მოგების ფასი. და, ლებრონი ასაკს უსწრებს.

იქვე, ისვენებს კლიპერსი (38:17). კავაი ლეონარდთან, პოლ ჯორჯთან ერთად. და, კლიპერსი უკვე ლეიკერსზე სოლიდურად გამოიყურება.

ორი კარგი სვლა.

მარკუს მორისი. რომელიც სეზონს სან ანტონიოში იწყებდა. დაკონტრაქტდა სპერსთან, გაწყვიტა კონტრაქტი სპერსთან, გაუტეხა გრეგ პოპოვიჩს და გადავიდა ნიუ იოკრში. ნიქსიდან საჩემპიონო ბანდაში  ტრანსფერი უფრო რეალური იყო. მორისმა კარგი სვლები გააკეთა და დღეს, ახლოს არის დიდ მოგებასთან.

და, კლიპერსმა აიყვანა გამთამაშებელი რეჯი ჯექსონი. რომელიც დეტროიტში ლიდერობდა. რომელსაც დეტროიტში არ ინდობდნენ და რომელმაც დეტროიტს ყველაფერი მისცა. შემდეგ, აილეწა, დაისვენა და დღეს, მზად არის საფარისთვის. ვინჩესტერი კედელზეა აყუდებული. ნადირობა იწყება.

უილიამსის და მორისის ტრანსფერებით, კლიპერსი არის ლიგის ერთადერთი გუნდი, რომლის 7 წევრი საშუალოდ, 10 და მეტ ქულას აგროვებს.

კავაი ლეონარდი - 27.2, პოლ ჯორჯი - 21.7, ლუ უილიამსი - 19.5, მონტრეზლ ჰარელი - 18.8, რეჯი ჯექსონი - 14.9, მარკუს მორისი - 11.0, ლენდრი შეიმეტი - 10.6.

კლიპერსი ლეიკერსზე ბევრად ღრმა და მოქნილია. ერთი პრობლემა - კლიპერსი იშვიათად არის ჯანმრთელი. კლიპერსი ფლეი ოფისთვის ემზადება და არ იცის, ვინ იქნება მზად.

ლოს ანჯელესის ბრძოლა უკვე დაწყებულია. მალე, გვამებს გაიტანენ. და, კალიფორნიას სვავები ესტუმრებიან.