მამუკელაშვილმა ბატლერი დამარხა

სანდრო მამუკელაშვილმა მამას მაგარი საჩუქარი გაუკეთა.

სეტონ ჰოლის ქართველმა ფორვარდმა (ცენტრმა) ძირითადის დასრულებამდე 0.6 წამით ადრე გლიჯა საშუალო. და, სანდროს გუნდმა ბატლერი 74:72 გააჩერა. სერიოზული სტუდენტური გარჩევები ჩვენი ბიჭის ზუსტი სროლით დაიხურა.

სანდროს ამ თამაშზე მამიკომ ჩააკითხა. დიდი ხნის უნახავ მშობელს ბიჭმა ყველაზე ძვირფასი მოგონება დაუტოვა - მოგება და სიამაყე.

მამუკელაშვილმა სამწამიანში ბურთი ქვინსი მაკნაითისგან მიიღო და ჩააგდო. ფრადენშალ სენტრში სეტონ ჰოლმა გაძლო, ძალიან მაგარი შეხვედრა წამოიღო.

მამუკელაშვილი: „მამასთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მამამ იბრძოლა მძიმე დაავადებასთან და დღეს, როდესაც აქ განსაკუთრებული დღეა (Cancer Day), ჩემთვის და მამიკოსთვის ეს ორმაგად ძვირფასია“.

სანდროს მამას ბოლო პერიოდში საკუთარი ჯანმრთელობისთვის დიდი ბრძოლა ჰქონდა. რომელიც მან მოიგო. რომელშიც მან გაძლო. შვილმა ეს დააფასა.

სეტონ ჰოლის ყველა მოთამაშე ხვდება საკუთარი ოჯახის წევრებს. მამუკელაშვილი - უფრო იშვიათად. სანდრომ ეს შანსი გულში ჩაიკრა და არ გაუშვა. სანდრომ ამ დღეს ლტოლვა და მონატრება მისცა.

ძირითადის დასრულებამდე 0.6 წამი რჩება. სეტონ ჰოლმა აიღო წუთშესვენება. მთავარმა მწვრთნელმა მამუკელაშვილს უთხრა, მოემზადე, ეს შენი სროლა იქნება. რთული, თითქმის წარმოუდგენელი სროლა სანდროსგან - მას იმ მომენტში მეორე გუნდის დიდი ბიჭი, ჯონ-მაიკლ მალოი იჭერდა.

და, სანდრომ ის დამარხა.

ბიგ ისთის ცხრილში სეტონ ჰოლი (19:7, 11:3) კრეიტონთან (21:6, 10:4) ერთად ლიდერობს. ცოტა უკან ზის ვილიანოვა.

და, ეს სანდრო მამუკელაშვილის დღე იყო.

ბრავო, სანდრო!