აცადეთ, რა!

 

 

 

 

 

 

 

ჩემპიონთა ლიგის საგაზაფხულო განახლებასთან, თებერვალთან და ხეში წყალთან ბოდიში, მაგრამ ჩემთვის ბოლო კვირის მთავარი ამბავი მოედანს მიღმა მოხდა — უეფამ მანჩესტერ სიტის ვერდიქტი გამოუტანა. განაჩენში წერია, რომ ინგლისის ჯერ კიდევ ოფიციალური ჩემპიონი ორი წლით მოიხსნა ევროშეჯიბრებებიდან. ნუ, იქ კიდევ იყო ფულადი ჯარიმა, მაგრამ სიტის შემთხვევაში ისეთ ხურდას, როგორიც 30 მილიონი ევროა ვინ მიაქცევს ყურადღებას. 

ანდა, კი ბატონო, ფული დავთვალოთ. თუ აპელაცია შედეგს არ მოიტანს და ვერდიქტი ძალაში დარჩება (არადა, ამბობენ, რომ სწორედ ასე მოხდება), სიტის დააკლდება დაახლოებით 200 მილიონი ევრო, რომელიც მომავალ სეზონებში ჩემპიონთა ლიგიდან უნდა შემოსვლოდა. ამ ფულით კლუბი ვიღაცის ყიდვას, ვიღაცისთვის ისედაც ასტრონომიული ჯამაგირის კიდევ უფრო მომატებას და ათას სხვა რამეს აპირებდა, ასე რომ 30 მილიონი ამ შემთხვევაში მართლა მეორეხარისხოვანია.

მე, პირადად, მანჩესტერელების დასჯა არ მესიამოვნა. მარტივად ვიტყვი: ფეხბურთს დააკლდება! სხვა მხრივ, რომელი იუნაიტედის იქაური ფანი მე ვარ ტრიბუნიდან რომ ვიმღერო, „ჰა, მოგიწიათ პასპორტების კარადაში ჩაბრუნებაო“. მე შორეულ საქართველოში კარგი თამაშების ნახვა მინდა და იქიდან გამოვდივარ.

 

და ძალიან დიდ პატივს ვცემ პეპ გვარდიოლას. პატივს ვცემ, თანაც მაინტერესებს, შეძლებს თუ არა 2008-12 წლების ბარსელონასთან მიახლოებული გუნდის კიდევ შექმნას. სტილს ვამბობ, თორემ ლაბორატორიაში რომ არ მუშაობს და მესის კლონირებას არ ცდილობს, მაგაში დარწმუნებული ვარ.

გვარდიოლა ხომ ბევრი ცნობილი მწვრთნელისგან იმის განსხვავდება, რომ მათ ძლიერი გუნდები შექმნეს, ამან კი სტილი მოიგონა; ფეხბურთის ახალი სტილი, რომელსაც მერე ტიკი-ტაკა შეარქვეს, რითაც, სხვათა შორის, თავად გვარდიოლა გააღიზიანეს. რატომღაც სიტყვა ტიკი-ტაკა პამპულობის და ჯამბაზობის სინონიმი ჰგონია, არადა ის, რაც პეპმა მოიგონა პამპულობისა და ჯამბაზობის გარდა ყველაფერია.

მოკლედ, ძალიან მაინტერესებდა რას შეძლებდა კატალონიელი მანჩესტერში, ამათ კიდევ ბრახ და ორწლიანი დისკვალიფიკაციაო. ახლა ხომ, სავარაუდოდ, ფეხბურთელები გაიქცევიან. აბა, ამბიციურ ახალგაზრდა ბიჭებს, თავი ძალიან მაგრები და ჩემპიონთა ლიგის ღირსები რომ ჰგონიათ ორი წელით ვულვერჰემპტონთან საჯაჯგუროდ დააბამ? ის, ვინც ახლა 28 წლისაა ორ წელიწადში ხომ ოცდაათის იქნება… ფეხბურთელის პროფესია კი ოხერია, დრო ძალიან ჩქარა გადის. თან, ღმერთმა დაიფაროს და შეიძლება ტრავმა მიიღო ან რამე. ერთი სიტყვით, როცა ფეხბბურთელი ხარ, ცხოვრებას დღესვე უნდა წაღლიტო რაც შეიძლება მეტი ფულიცა და ჯილდოც, რადგან ხვალე უბრალოდ არ გაქვს. ხვალ ჩვეულებრივი ღიპიანი ძია ხარ და სადღაც მუშაობ.

ჰო, იუვენტუსმა გამოთქვა გვარდიოლას შეძენის სურვილი. ინგლისში წერენ, ანდრეა ანიელის პეპის ტურინში წაყვანა ისე უნდა, ჭკუაზე არ არისო. გამოგიტყდებით და მიუხედავად იმისა, რომ იუვე ჩემი ახალგაზრდობის საყვარელი გუნდია (პლატინი, ბაჯო, დელ პიერო, ზიდანი), არც ეს იდეა მომწონს. უპირველეს ყოვლისა ისევ და ისევ იმიტომ: არ მინდა გვარდიოლამ სიტიში საქმე შუა გზაში მიატოვოს. იქნებ, მაინც მოახერხოს და დამანახოს ინგლისურ ნისლში შეხვეული ტიკი-ტაკა. და მეორეც, ეს ტიკი-ტაკა ვითომ იტალიურ ჯიგარს მოერგება? წინასწარ განწირულ ექსპერიმენტში დროის უაზრო ფლანგვა ხომ არ გამოვა? 

 

 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვგულშემატკივრობ პეპს და ამიტომ მინდა სიტიმ აპელაცია მოიგოს. ოღონდ, ვიცი, შანსი არ არის…

ბოლოს კი ასე დავამთავრებ: თუ ძველი ბარსელონას მაგვარი გუნდის სადმე, კიდევ ერთხელ შექმნა არ გამოვიდა, იმით მაინც ვიტრაბახებ, რომ რამდენჯერმე აქა-იქ ვთქვი, ვშიშობ, პეპის ფეხბურთიდან კაცობრიობას მაღალი პრესინგის მეტი არაფერი დარჩება, რადგან დანარჩენი ყველაფერი იმ კონკრეტული სიტუაციისა იყო, მეთქი.

ტრაბახის შესახებ ვიხუმრე, რასაკვირველია.

 

 

 

 

 

 

.