ახალი ბიჭი

წუხელ, ლაიფციგმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში სტუმრად ტოტენჰემს 1:0 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. 

ადრეც გვითქვამს, რომ რედ ბულს, ენერგეტიკული სასმელის მწარმოებელ ავსტრიულ კომპანიას, დიდი მიზნები აქვს ფეხბურთში. ისინი, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში ერთგვარ იმპერიას ქმნიან, რომელიც არცთუ დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ შედეგები უკვე ცხადია. 

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მათ ორი გუნდი ჰყავდათ: ზალცბურგი და ლაიფციგი. ორივემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ლაიფციგი კი სადამდე გააღწევს, ჯერ არავინ იცის.

 

ფაქტია, რომ 32 წლის იულიან ნაგელსმანის (რომელსაც უკვე მიიჩნევენ ახალი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად) გაწვრთნილი აღმოსავლეთგერმანული ლაიფციგი, გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს. მისი გადაბირება მადრიდის რეალს და ბაიერნსაც სურდათ, მაგრამ ნაგელსმანი წითელ ხარებში დარჩა. 

მიზეზი? რედ ბულს პერსპექტიული პროექტი აქვს, ფინანსურადაც უზრუნველყოფილნი არიან და უკვე ხმამაღლა საუბრობენ, უახლოეს წლებში ბაიერნის მთავარი კონკურენტი სწორედ ლაიფციგი გახდებაო. ამიტომ არჩია ნაგელსმანმა დარჩენა გუნდში, რომელსაც 2019 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს.

საერთოდ, მისი ბიოგრაფია სხვებისას არ ჰგავს. მძიმე ტრავმის გამო,  ფეხბურთელის კარიერის დასრულება 20 წლისას მოუწია. მალევე მამაც გარდაეცვალა და ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, თუმცა ამან ის უფრო მიზანმიმართული გახადა. 

ერთი ხანი ფეხბურთზე საერთოდ აღარ ფირობდა. ბიზნესისა და მენეჯმეტის შესწავლა დაიწყო და კომპანია BMW -ს გაყიდვების სფეროში აპირებდა მუშაობის დაწყებას, როცა მშველელად პსჟ-ის დღევადელი დამრიგებელი ტომას ტუხელი მოევლინა. მაშინ ის აუგსბურგს წვრთნიდა და იულიანს სკაუტობა შესთავაზა. 

 

ტუხელმა თავიდანვე განჭვრიტა ახალგაზრდა ნაგელსმანის განსაკუთრებული ნიჭიერების ამბავი და მწვრთნელად მუშაობა შესთავაზა. მალე იულიანს მიუნხენ 1860-ში დაუძახეს, სადაც ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის თანაშემწის ადგილი შესთავაზეს, ამის შემდეგ მას სხვა პროფესიაზე აღარც უფიქრია.

ფართო საფეხბურთო საზოგადოებამ მის შესახებ პირველად ჰოფენჰაიმში მუშაობისას გაიგო. 2016-ში ნაგელსმანი 28 წლის იყო, როცა ბუნდესლიგიდან გასავარდნად განწირული ჰოფენჰაიმი ჩააბარეს. მედიამ ეს ამბავი აბსურდად მონათლა, თუმცა მან არა მხოლოდ გადაარჩინა გუნდი დაქვეითებას, მომავალ სეზონში მეოთხე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა, თუმცა იქ ლივერპულის ბარიერი ვერ გადალახა.

ახლა ის უკვე ცნობილი სპეციალისტია და როგორც ვთქვით, ახალი თაობის ერთერთ ყველაზე საინტერესო ტაქტიკოსად მიჩნევენ. ოთხშაბათსაც, ტოტენჰემთან მატჩის შემდეგაც თქვეს სპეციალისტებმა - გამოცდილ მოურინიუს აჯობაო.

 

სხვათა შორის, დღევანდელი აიაქსიც მისი სქემით თამაშობს. ამსტერდაელთა დამრიგებელი, ტენ ჰაგი ხომ ნაგელსმანის ასისტენტი იყო ჰოფენჰაიმში.თავისებურებებიც აქვს. მაგალითად, საწვრთნელ ბაზაზე უზარმაზარი ეკრანი დაამონტაჟებინა, რომელიც სულ ჩართულია, თავად ხელში პატარა კომპიუტერი უჭირავს და თუ რაღაც ეპიზოდში რაღაც არ მოეწონა, ვარჯიშს აჩერებს, ეკრანზე გააქვს ეპიზოდი და იქვე უხსნის ფეხბურთელებს რას ითხოვს მათგან. პარალელურად ეკრანზე ისრებს და მომცრო წრეებს ხაზავს.

ლოგოპეტთანაც დადიოდა. მინდორზე, მწვრთნელების ტექნიკური ზონიდან სწორად ყვირილი რომ ესწავლა...