ფოთმა ბოლო წუთზე მოიგო

ხელბურთელ ქალთა უმაღლეს ლიგაში ფოთის ოქროს ვერძმა 16-15 მოუგო აჭარას, სამტრედიამ 33-11 დაამარცხა წყალტუბო. 

 

მთავარი მატჩი ფოთი-აჭარა იყო. პირველი წრის შეხვდრა ფრედ, 13-13 მორჩა. ასევე დასრულდა დღევანდელი თამაშის პირველი ნახევარი. მეორეში აჭარა ორი ბურთით დაწინაურდა (9-7), მაგრამ ქამაშიძის გაძევების დროს ფოთელებმა ზედიზედ გაიტანეს 3 გოლი და წინ გავიდნენ 10-9. ამის შემდეგ, საფინალო სირენამდე სხვაობა ერთ ბურთზე მეტი აღარ ყოფილა. ფოთელმა კობახიამ ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ აჭარელმა კოჩალიძემ ორჯერ დააწინაურა თავისი გუნდი:  15-14, რჩებოდა 2 წუთი.

 

ბოლო წუთზე ფოთელმა ლანა გოგიამ გამოიმუშავა შვიდმეტრიანი და მეტოქე ორწუთიანში გაუშვა. ბჟალავამ შვიდმეტრიანიდან გაათანაბრა, აჭარელებმა კი ბოლო ორ შეტევაში ორჯერ დაკარგეს ბურთი - პირველი დაკარგვისას პასი კობახიამ ჩაჭრა, ერთი-ერთზე გაიქცა და გამარჯვების გოლი გაიტანა: ქვეყნის ჩემპიონმა 16-15 მოიგო და 11 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა.

 

10 ქულა აქვს სამტრედიას, აჭარას 7 დარჩა, მაგრამ ხვალ აუტსაიდერ წყალტუბოსთან მატჩი აქვს, ფოთი და სამტრედია კი ერთმანეთში თამაშობენ, ასე რომ, ფინალური ოთხეულისთვის აჭარაც ბრძოლაშია და თბილისის ორი გუნდიც - პეგასი და მამული (6-6 ქულა).

 

ხვალ სენაკში დანიშნული 2 მატჩის შემდეგ ყველა გუნდს 10-10 მატჩი ექნება გამართული და 4-4   დარჩენილი. რეგულარული სეზონი კი დასრულდება 4 შეწყვილებული ტურით, რომელშიც აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. მე-11-14 ტურის მატჩები გაიმართება 5-6 და 26-27 მარტს, 2-3 და 26-27 აპრილს. 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა.