მძიმე Geორგია

შვეიცარია ყოფით დისციპლინაში სამაგალითოა. აქ უკან ვართ.

შვეიცარია სამთო თხილამურებში გადაგვიჯოკრავს. ფაქტია.

შვეიცარია ჰოკეიში მაგრად გვაწყენინებს. თუ ნეკერჩხლის ფოთოლს არ დავიკიდებთ.

შცეიცარიას ჰყავს როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა და ჰყავდა მარტინა ჰინგისი. ეს სახეობაც არასაჩვენოდ მიდის.

შვეიცარიაში საოცარი შოკოლადი და ყველაზე გემრიელი ყველია. სულგუნი ჯერ ემზადება სპარინგისთვის.

შვეიცარიის პრეფერენციებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ კალათბურთში შვეიცარიას უნდა ვკლავდეთ!

გავდივართ, ვიწყებთ, ვიგებთ და შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით. და, ის, რომ არ გვყავდა თორნიკე შენგელია, მაგარი უხერხემლო გამართლებაა.

გვყავდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრი გიორგი შერმადინი. გვყავდა? ნამდვილად.

გვყავდა ბექა ბურჯანაძე, რომელიც შვეიცარიას რომ ჰყოლოდა, აუცილებლად წავაგებდით. ეს თამაში ბექამ ამოქაჩა.

გვყავდა კარგი ნატურალიზებული პერსონაჟი, რომელიც აგდებდა, აფუჭებდა, დაცვაში ვერაფერს ვერ იჭერდა და მაინც, ის უკეთესია, ვიდრე - შვეიცარიის ყველა დაბალი. ქაღალდზე - უკეთესია.

და, თამაში, რომლის დროს 20+ წავიყვანეთ, თითქმის ვერ მოვიგეთ. მოგვიხსნეს ყველაფერი. მოგვიხსნეს მეორე ტაიმში და მაგრად გაგვიმართლა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი სამარცხვინო წაგებით არ გავხსენით.

მწვრთნელი ყველას ათამაშებდა და ამისთვის ზუროსს მადლობა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ნაკრებში ყველა ვერ იდგება. იმ წუთებში, როდესაც ზუროსი ლიდერებს ასვენებს, ჩვენ გაგვასვენეს. ზუროსი ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ თუ ბიჭები დაცვაში არ მოინდომებენ, წაგებას ისევ და ისევ მწვრთნელებს მიუგდებენ. რაც, უსამართლოა.

96:88 მოვიგეთ. ანგარიში რომც არ დაგვეწერა, არაფერი არ დაშავდებოდა. შედეგი - მისაღები. თამაშის ხარისხი - ძალიან ცუდი. ბურჯანაძე - ყველაზე კარგი, შეუცვლელი. შერმადინი - უკეთ უნდა გამოვიყენოთ.

გილოცავთ მძიმე საქართველოს მძიმე მოგებას და მსუქუბ კალათბურთს, მეტ დადებით ემოციას გისურვებთ.