ჩემპიონის ზედიზედ მესამე მოგება

ქალთა უმაღლეს ლიგაში ფოთის ოქროს ვერძის ხელბურთელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს -  ამჯერად სამტრედიასთან, 17-16. აჭარის გუნდმა დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, 36-21.

 

სენაკის სამდღიანი ტურის შემდეგ ჩემპიონატის მონაწილე რვავე გუნდს 10-10 მატჩი აქვს. 18-18 ქულით ყვარელი და ქარიშხალა ლიდერობენ და ნახევარფინალში გასვლა განაღდებული აქვთ. მესამე ადგილზე მტკიცედაა ფოთი (13), ფინალური ოთხეულის მეოთხე საგზურისთვის კი დარჩენილ 4 ტურში სერიოზული ბრძოლა იქნება სამტრედიის (10 ქულა) და აჭარის (9) გუნდებს შორის. შანსები დარჩათ თბილისის პეგასსა და მამულსაც (6-6).

 

ოქროს ვერძი თავიდანვე დაწინაურდა სამტრედიასთან და ტაიმი 10-5 მოიგო. ფოთელებმა შეძლეს მეტოქის ლიდერის, თამარ ბურკაძის გაუვნებლება. მაგრამ, მეორე ნახევარში სამტრედიელმა ჩხაიძემ, დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაათანაბრა: 11-11. ფოთელები ისევ გავიდნენ წინ, 15-12, მაგრამ სხვაობა კვლავ შემცირდა მინიმუმამდე: 15-14. მატჩის ბედი გადაწყდა მიწურულში, როდესაც კობახიამ და გოგიამ ზედიზედ გაიტანეს ორი გოლი (17-14), დარჩენილ ორიოდ წუთში კი სამტრედიელმა ესაკიამ მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო - 16-17. საქართველოს 2019 წლის ჩემიონმა, ფოთის გუნდმა, პირველ წრეში დამარცხებისთვის (22-28) რევანში აიღო. 

 

რეგულარული სეზონის ბოლომდე დარჩენილია 4 შეწყვილებული ტური, რომელშიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები ერთმანეთში ითამაშებენ.  მე-11-14 ტურის მატჩები გაიმართება 5-6 და 26-27 მარტს, 2-3 და 26-27 აპრილს. 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა.

 

მომზადებულია საქართველის ხელბურთის ფედერაციის გვერდის მიხედვით