გახარებული უემბლი

ნეტავ როდის მოიგო ბოლოს პრინციპული მატჩი ინგლისის ნაკრებმა? 

გიო ახვლედიანი ბლოგი

აგე, რამდენი წეილიწადია ახალი უემბლი გაიხსნა და ინგლისის ნაკრებმა კი პირველად მოიგო დასამახსოვრებელი თამაში ამ მინდორზე. დასამახსოვრებელი, რა, მნიშვნელოვანი. საუტგეიტის გუნდმა ერთა ლიგის მისთვის გადამწყვეტი მატჩი შემოუტრიალა ხორვატიის ნაკრებს და ბოლო თორმეტ  წუთში ორი გოლიც  გაუტანა, რითაც არა მხოლოდ ერთა ლიგიდან არ გავარდა, არამედ, ამ შეჯიბრის ფინალის საგზურიც მოიპოვა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის  ფლეი ოფის ადგილიც. მაგრამ ეს საცხრილო ამბები არაფერია იმასთან, რაც უემბლიზე  ხდებოდა  გადარეულ ფანებს შორის, რომლებსაც მართლაც ეიმედებათ საუთგეიტის  ნაკრები და რომლებმაც  მრავალი წლის შემდეგ პირველად  დაინახეს, რომ ინგლისმა  აუცილებლად მოსაგები თამაში მოიგო. ამან იმხელა აღტკინება გამოიწვია, რომ თქვენი მოწონებული.


ინგლისის ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ, საკმაოდ  რთულად, მაგრამ მაინც იბრუნებს ემოციურ კავშირს  თავის გულშემატკივრებთან, რაც ამ გუნდისთვის არანაკლებ მნიშვნელოვნაია, ვიდრე რომელიმე  ცხრილში და რეიტინგში წინ წაწევა. 
რა თქმა უნდა, ხორვატიის  დამარცხებაში ფსიქოლოგიური სარგებელი არანაკლები იდო, ვიდრე სტატისტიკური. თუნდაც იმიტომ, რომ ხორვატია ყოველთვის არასასურველი  მეტოქე იყო ინგლისელთათვის  და  არაერთხელაც გაუმწარებია ალბიონის გუნდი.  ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალიც კარგად გვახსოვს. სწორედ იქ შეწყდა ძველი სიმღერა, ფეხბურთი შინ ბრუნდებაო და  საუთგეიტის ნაკრების ნამდვილი შესაძლებლობებიც  სწორედ იქ გამოჩნდა. 

საერთოდ, ინგლისის ნაკრების საქმე ისეა, რომ მრავალწლიანი უვარგისობის შემდეგ გუნდს ყოველ ნაბიჯზე  გამოცდის ჩაბარება უწევს. ეს გასაკვირი არაა. როცა  რაღაცის დაბრუნება გინდა,  საბრძოლო და  დასამტკიცებელი ბევრად მეტია ხოლმე, ვიდრე მაშინ როდესაც   გაჩვეულ საქმეში მოქმედებ. 

ისეა, რომ ინგლისის ნაკრებს თითქოს საერთოდ არ უთამაშია ფეხბურთი ბოლო ათ წელიწადს და ახლა სულ სხვა თაობით და სხვა ხალხით ცდილობს კვლავ  დაიწყოს თამაში.  ასეთ დროს ფანობა ამოიოხრებს ხოლმე, ეჰ, ნეტავ ახლა ის ხალხი გვყავდეს, ვინც ამ საქმეში მეტი სითამამით ჩაერთვებოდაო, თუმცა, სწორედ იმ დიდი ფეხბურთელების დროებაში ვერ მოახერხა ინგლისის ნარკებმა  ფეხბურთის  თამაში. ასე, რომ, ვინც არის,ის არის და ჭკვიანი კაცის ხელში ამ ბიჭებს რაღაც გამოსდით. მეტი რაღა ქნან, მსოფლიო თასზე ოთხეულში შეძვრენ. ეს მათი თამაშის ძალმოსილებას დიდად არ შეესაბამებოდა,  მაგრამ, წარმატება კი ნამდვილად  იყო. 

ამ შემოდგომიდან  საუთგეიტის ნაკრებმა ისე დაიწყო,თითქოს, ის მსოფლიო თასი არც ყოფილიყო. უვარიგისი და შედარებით ვარგისი თამაშები ერთმანეთს  ცვლიდა და ისიც ჩანდა, რომ არანაირი მტკიცე საყრდენი ნაკრებს არა აქვს. 
ჰოდა, აი, საბოლოოდ,  გუნდმა მაინც გამოავლინა ხასიათი. 


ინგლისის ნაკრების უმთავრესი უბედურება ათწლეულებია  ფსიქოლოგიური პრობლემაა.  მსოფლიოში არასდროს არსებულა მეორე ასეთი  გუნდი, რომელშიც თაობები და მწვრთნელები ერთმანეთს ცვლიდნენ და პრობლემა კი რჩებოდა.  მაშინაც კი, როცა ინგლისი ბევრად მაღალი კლასის გუნდი იყო და მსოფლიოს მოწინავე ნაკრებებს თანასწორად ეთამაშებოდა,  დიდი ფსიქოლოგიური საკითხების გადაჭრა უწევდა, რაც ცალკე  დიდ შრომას მოითხოვდა და უმეტეს შემთხვევაში მარცხით მთავრდებოდა. საუთგეიტის მთავარი ამოცანა  ამ კუთხით, სწორედ  სანაკრებო მემკვიდრეობის დავიწყებაა. ეს ჭკვიანი კაცი  ნელნელა სპობს მძიმე წარსულს. ამიტომაც, ხარობდა უემბლი ასე უკიდეგანოდ, თორემ სხვა რა, ინგლისს იმდენჯერ  წაუგია, რომ კიდევ ერთი არავის გააკვირვებდა.