გურამ თუშიშვილმა დიუსელდორფში გაიმარჯვა

გერმანიის ქალაქ დიუსელდოფრში ძიუდოს გრან სლემი მიმდინარეობს. ტურნირის დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 წონით კატეგორიაში იასპარეზეს.

 

ფინალურ ბლოკში ორმა ქართველმა - გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ბექა ღვინაშვილმა იჭიდავეს.

 

ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამმა თავიდან უზბეკი იუსუპოვი და ტაჯიკი მირმამადოვი დაამარცხა, რის შემდეგაც სამხრეთ კორეის წარმომადგენელს, მინჯონგ კიმს შებოჭვით სძლია. ნახევარფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელი მეტოქე, რაფაელ სილვა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - ქართველმა ფალავანმა მას 3 შიდო ააღებინა.

 

ფინალში თუშიშვილმა მასპინძელი სპორტსმენი, იოჰანეს ფრეი ეფექტური იპონით პირველივე წუთზე დაამარცხა.

 

 

 

რაც შეეხება ღვინიაშვილს, საწყის ეტაპზე მან ყირგიზ შეროვს და შვეიცარიელს გროსკლაუსს სძლია. მეოთხედფინალში მისი მეტოქე შესანიშნავ ფორმაში მყოფი უზბეკი დავლათ ბობონოვი იყო. მისმა მოწინააღმდეგემ ამავე ტურნირზე ლაშა ბექაურიც დაამარცხა. სამწუხაროდ, ღვინიშვილმა მასთან მახრჩობელა ილეთით წააგო. შეგახსენებთ, უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელი ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) გახლავთ.

 

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამატებით დროში მოპოვებული ვაზარით მან აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

 

გურამის და ბექას გარდა, დღეს კიდევ რამდენიმე ქართველმა იასპარეზა.

 

სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი, ლაშა ბექაური, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა - პირველ შეხვედრაში ლატვიელ ზარუდნევსთან გამარჯვების შემდეგ მან ოქროს მედლის მფლობელთან, უზბეკ დავლათ ბობონოვთან 17 წამში იპონით წააგო.

 

100 კგ-მდე წონაში 3 გამარჯვების შემდეგ გიორგი ჩიქოვანი ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან დამარცხდა და დამამშვიდებელ რაუნდში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი გახლდათ. აღნიშნული შეხვედრა ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა - გიორგი ვაზარით იგებდა, მაგრამ უკანასკნელ წუთზე გაშვებული გდებით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

 

ასევე 100 კგ-ში ნიაზ დიასამიძემ იჭიდავა. კენიელ მეტოქესთან მარტივი გამარჯვების შემდეგ ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ გასიმოვთან იპონით დამარცხდა. საბოლოოდ, მისმა მეტოქემ ამ ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა.

 

რაც შეეხება მძიმე წონას, ონისე ბუღაძემ პირველ შეხვედრაში გერმანელ შრეიბერს ვაზარით აჯობა, თუმცა უზბეკ მეტოქესთან, ბეკმუროდ ოლტიბოევთან იპონით დამარცხდა.

რომა რატიანი 23 თებერვალი 2020 -21:24