ფიური: მსუქან, მელოტ მძორს მეძახდნენ

WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრიტანელი მოკრივის თქმით, მას კრიტიკოსები დამატებით მოტივაციას აძლევდნენ.

 

„გულშემატკივრებს აუტსაიდერად მივაჩნდი. ისინი ამბობდნენ, რომ მსუქანი, მელოტი მძორი ვიყავი, რომელმაც ჩხუბი არ იცოდა. ვარჯიშზე ამ ყველაფერს ვიხსენებდი, რაც დამატებით მოტივაციას მიჩენდა“, - თქვა ფიურიმ.

 

შეგახსენებთ, უაილდერის დამარცხების შემდეგ ფიურიმ რეკორდი დაამყარა. ის ისტორიაში პირველი მოკრივეა, რომელსაც სუპერმძიმე წონაში სხვადასხვა დროს ყველა შესაძლო ქამარი აქვს მოგებული.

 

აღნიშნული სატიტულო ბრძოლის შედეგად, ფიურიმ WBC-ის ქამარი კარიერაში პირველად მოიგო. 2015 წელს ბრიტანელმა მოკრივემ ლეგენდარული ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა, რის შედეგადაც მის საკუთრებაში WBA, IBF, WBO, IBO, The Ring და Linear-ის ვერსიების ტიტულები გადავიდა.

 

აღსანიშნავია, რომ უაილდერს დამატებითი, მე-3 ჩხუბის მოთხოვნის უფლება აქვს. ამ მოკრივეთა პირველი შეხვედრა 2018 წლის დეკემბერში შედგა - ის ბრძოლა ფრედ დასრულდა. იმისათვის, რომ უეილდერმა რევანში მოითხოვოს, მას 30 დღე აქვს. ამ შემთხვევაში, მესამე ბრძოლა მიმდინარე წლის ზაფხულში შედგება.

 

ფიურის აქტივში 30 გამარჯვება და 1 ფრეა, მან 21-ჯერ ნოკაუტით იმარჯვა. რაც შეეხება უაილდერს, მას 44 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან მის ანგარიშზეა 42 მოგება (41 ნოკაუტი), 1 ფრე და 1 წაგება.

რომა რატიანი 24 თებერვალი 2020 -00:28