ნიკას დუBye

ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტეფანოს ციციპასი, გაელ მონფიზი, ფაბიო ფონინი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, ანდრეი რუბლიოვი, კარენ ხაჩანოვი, ბენუა პერი.

ეს დუბაის განთესილების სიაა.

სოლიდური სიაა. მაგარი სოლიდური. და ამ სიაში, ოდნავ უკან, ზის ნიკა ბასილაშვილი.

და, გვინდა, რომ ჩვენი ბიჭი ამ ტურნირს ადრე არ გამოაკლდეს. მთელი თავისი მუღამებით და სენსაციებით.

ნიკა პირველ წრეში ლიტველ რიკარდას ბერანკისს დაელაპარაკება. კარგი ბიჭი, რომელმაც ნიკას ერთი თამაში უკვე წაართვა - 2014, ბუქარესტი, 6:7, 6:3, 6:4. და, ეს იმდენად ბევრი წლის წინ იყო, რომ ალბათ, ბიჭებს არც ახსოვთ, რა და როგორ მოხდა.

ლიტველი დღეს 62-ე ადგილზე ზის. მიმდინარე სეზონში - 3:3. ეს უკეთესია, ვიდრე ბასილაშვილის - 2:4.

და, რეალურად, ნიკამ უნდა დაშალოს ლიტველი.

და, შემდეგ წრეში წამოვა ბაუტისტა აგუტი, ან - იან-ლენარდ შტრუფი.

საინტერესო გარჩევებია.

პირველად, 2016 წლის შემდეგ, დუბაიში ითამაშებს ნოვაკი. რომელსაც ამ სეზონში 13:0 აქვს. ჯოკოვიჩი დუბაიში მეშვიდედ მიიღებს განთესვაში პირველ ნომერს.

ციციპასმა დაიცვა ტიტული მარსელში და დუბაიშიც მთქმელი ტიპი იქნება. მარსელში - სეტის წაუგებლად. შარშან, სტეფანოსი დუბაის ფინალისტი იყო.

დუბაიში ამ სეზონის ექვსი ტურნირის მომგები საზოგადოება ჩავიდა - ჯოკოვიჩი (ავსტრალია), რუბლიოვი (ადელაიდა, დოჰა), მონფიზი (მონპელიე, როტერდამი) და ციციპასი.

 

დუბაი (500)

საპრიზო ფონდი: 2 950 420.

საფარი: ჰარდი.

განთესილები: დავწერეთ.

მოქმედი ჩემპიონი: როჯერ ფედერერი (ტრავმის გამო ვერ თამაშობს).

ყველაზე მეტი ტიტული ერთეულებში: ფედერერი (8).

ყველაზე მეტი ტიტული წყვილებში: მაჰეშ ბჰუპატი (5).

ყველაზე ასაკოვანი: ფედერერი (37 წლის, 2019).

ყველაზე ახალგაზრდა: რაფაელ ნადალი (19, 2006).

ყველაზე მეტი მოგება ერთეულებში: ფედერერი (53).