დაბრუნებულები

ქართულმა კლუბებმა ზამთარში ბევრი საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს. ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენს პირველობას რამდენიმე ქართველი დაუბრუნდა. საქართველოში როგორც გამოცდილი და ნაკრებში ნათამაშები, ასევე ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები დაბრუნდნენ.

 

სანდრო კობახიძე (ლოკომოტივი) - კობახიძემ საქართველოს ჩემპიონატი 21 წლის ასაკში დატოვა და დნიპროს მიაშურა. შემდეგ იყო კრივბასი, კიევის დინამო, ვოლინი, ვორსკლა, თურქული გიოზტეპე და ბოლოს დნიპრო 1. ამ ხნის მანძილზე სანდრომ დიდი გამოცდილება დააგროვა. საკმაო ხანი იგი ნაკრების უცვლელი წევრი გახლდათ. ჯერ მარტო სტად დე ფრანცზე უგო ლორისის კარში გატანილი გოლიც ბევრს ამბობს. არადა მაგ პერიოდში სანდრო დნიპროში უთამაშებელი გახლდათ.  მის ანგარიშზე ეროვნული გუნდის მაისურით 35 მატჩი და 3 გოლია. კობახიძე ახლა ლოკომოტივის ფეხბურთელია და რკინიგზელთათვის შეეცდება სარგებლობის მოტანას.

 

ირაკლი ძარია (ტორპედო) - ძარია ჩვენს ჩემპიონატში წლების მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. ირაკლი საქართველოს 4 გზის ჩემპიონია. მის ანგარიშზე ქვეყნის თასი და სუპერთასიცაა. 31 წლის ფეხბურთელმა ლეგიონერის სტატუსი 2018 წელს მიიღო როცა დილადან ალბანურ კუკეშს შეუერთდა, სადაც 2 წელი დაჰყო. 2019 წლის ბოლო რამდენიმე თვე ძარია მალტური ვალეტას ღირსებას იცავდა. მას ეროვნულ გუნდშიც უთამაშია. საქართველოს ნაკრების მაისურა მან 10-ჯერ მოირგო და თავი 1 გოლით დაგვამახსოვრა. გამოცდილმა საყრდენმა რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის ტორპედოსთან გააფორმა კონტრაქტი.

 

 

მათე ცინცაძე (ბათუმის დინამო) - ცინცაძეს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და თითქმის მუდამ ერთ-ერთი ლიდერი იყო. კახა ცხადაძის მწვრთნელობისას მას საქართველოს ნაკრებში თამაშის პატივიც ერგო. მათეს ყველა ქართული ტიტული აქვს მოგებული. უცხოეთში იგი პირველად 2017 წელს წავიდა, როცა დინამო დატოვა და პოგონს მიაშურა. 1 წლის შემდეგ მან რუსთავის მაისურა მოირგო, მალე კი ტორპედოს შეუერთდა. ცინცაძემ ნახევარი წელი ლატვიურ იელგავაში ითამაშა და საკმაოდ წარმატებითაც, წლის დასაწყისში კი ბათუმის დინამოსთან გააფორმა კონტრაქტი.

 

 

ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბილისი) - ლოჩოშვილი თბილისის დინამოს აღზრდილია. იგი კიევის დინამოს საკუთრება იყო და უკრაინელებს ჟილინაში ჰყავდათ განათხოვრებული. 22 წლის მცველს სლოვაკთა რიგებში თამაში თითქმის არ უწევდა და გუნდი დატოვა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 21 წლამდელთა ნაკრების ლიდერმა კიევის დინამოსთან კონტრაქტი გაწყვიტა და მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.

 

 

ირაკლი ბუღრიძე (დინამო თბილისი) - ლოკომოტივის აღზრდილი ნიჭიერი შემტევი 2018 წელს საჩხერის ჩიხურაში გადავიდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. წარმატებული სეზონის შემდეგ მას მსურველები უცხოეთიდან გამოუჩნდნენ და ირაკლიმაც არჩევანი ბელგიურ ბეერსხოტზე შეაჩერა, რომელიც მეორე ლიგაში გამოდის. დინამოს ახალწვეულმა ბელგიაში მხოლოდ 10 მატჩს მოუყარა თავი. წინა წლის ბოლოს 22 წლის შემტევმა გუნდი დატოვა. მას მერე ირაკლის როგორც ქართული ასევე უცხოური კლუბები ეპატიჟებოდნენ და ნიჭიერმა შემტევმა კარიერის გაგრძელება დინამოში გადაწყვიტა.

 

 

იმედი ვიქონიოთ, რომ ამ და კიდევ სხვა ფეხბურთელების დაბრუნება ჩვენს ჩემპიონატს გააძლიერებს. როგორც ხედავთ სიაში საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები არიან, რომელთაც საქართველოში არაერთი ტიტული მოუგიათ და ნაკრების მაისურაც ბევრჯერ სცმიათ. თუნდაც კობახიძისგან და ძარიასგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაგალითის აღება შეუძლიათ.