ვაინალდუმი ნიდერლანდებში დაბრუნებას გეგმავს

ლივერპულის ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვაინალდუმმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ნიდერლანდებში გეგმავს. როგორც თავად ამბობს, ის სამშობლოში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.


"საკუთარი მომავალი ფეიენოორდში, პსვ-ში ან როტერდამის სპარტაში წარმომიდგენია. როდესაც სპარტას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ამ კლუბში კარიერის უკანასკნელ წლებს სიამოვნებით გავატარებდი. ნიდერლანდებში სამი კლუბის მაისური მოვირგე და თითოეულისადმი განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის არჩევა მომიწევს.


ამ ეტაპზე ვერაფერს შეგპირდებით - ეს თვისება სხვა, ჩემზე უფრო გამოცდილი ფეხბურთელებისგან ავითვისე. როგორც მახსოვს, რუდ ვან ნისტელროიმ პირობა დადო, რომ ოდესღაც სამშობლოში დაბრუნდებოდა. სამწუხაროდ, მან გეგმები შეცვალა", - თქვა ვაინალდუმმა.


ნიდერლანდელი ფეხბურთელი აქამდე ფეიენოორდის (2007-2011) და პსვ-ს (2011-2015) ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, ის როტერდამის სპარტას აღზრდილია. ლივერპულში გადასვლამდე ის 2015-2016 წლებში ნიუკასლში თამაშობდა.

რომა რატიანი 25 თებერვალი 2020 -22:55