ვირეშმაკა

 

 

 

 

 

 

 

ეიფელის კოშკთან ხალხმრავლობაა, ადამიანები თეთრ სამოსში გამოწყობილან, ხალისობენ  და ფოიერვერკიც არ ახანებს. ეს მოდის ჩვენება არ გეგონოთ, უბრალოდ, ნეიმარის დაბადების დღეა. და ასე პირველად არ ხდება.

ცოტა ხნის წინ მას ბარსელონაში დაბრუნება უნდოდა. დიდ ხანს იშუშებდა ტრავმას, თითქმის არ თამაშობდა. პსჟ-ის ქომაგები უსტვენდნენ, შეურაცხმყოფელ ბანერებს უფენდნენ ტრიბუნებზე. მაგრამ ბრაზილიელი პარიზში დარჩა. გავიდა დრო და გულშემატკივრებმაც აპატიეს - შეეშალა, ვის არ მოსვლიაო...

ნეიმარს პარი სენ-ჟერმენში შესანიშნავი პირობები აქვს შექმნილი. განსაკუთრებული, რაც თანაგუნდელების გულისწყრომასაც იწვევს ხოლმე, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ფეხბურთი ბრაზილიელის ერთადერთი საფიქრალი არ არის. მას ძალიან უყვარს გართობა, თანაც განსაკუთრებული გაქანებით. 

არადა, როგორ უნდა მოახერხოს ეს სეზონის შუაში? მან ამის რამდენიმე ხერხი იცის.

 

ნეიმარმა აღიარა, რომ წლეულს პირველად გააცდენს ცნობილ კარნავალს, რომელიც რიო დე ჟანეიროში თებერვლის ბოლოს იმართება. თუმცა, მიზეზთა გამო, 23 თებერვალს ბორდოსთან მატჩში  წითელი ბარათი მიიღო. თავისუფალია და შესაძლოა, კარნავალის დასკვნით ნაწილს ჩაუსწროს კიდეც.

28-ე დაბადების დღე ეიფელის კოშკის მახლობლად გადაიხადა. ამისათვის  ტრავმა მოიმიზეზა და 4 თებერვალს ნანტთან შეხვედრა გამოტოვა. მწვრთნელმა ტომას ტუხელმა თქვა, ბრაზილიელი მატჩისათვის სათანადოდ მზად არ არისო და მანაც სათავისოდ გამოიყენა ეს ნათქვამი.

ვითომ ეს დამთხვევებია? ალბათ არა, რადგან ნეიმარი ყოველთვის ახერხებს რაიმე ხრიკების მოფიქრებას, რათა გაერთოს და ცოტა ხნით სამშობლოში გაემგზავროს, ხოლმე. ასე გრძელდება უკვე მეექვსე წელიწადია.

2015 წლის მარტი. დისკვალიფიკაცია

2014-2015 წლების სეზონი ნეიმარისთვის საუკეთესო იყო ბარსელონაში.  კატალონიელებმა მაშინ თრებლი შეასრულეს, ბრაზილიელი კი მესამე ადგილზე გავიდა ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის, მესისა და რონალდუს შემდეგ.

პრიმერას 25-ე ტურში მან გრანადასთან მატჩში (28 თებერვალს), ყვითელი ბარათი მიიღო. ეს მისი რიგით მეხუთე გაფრთხილება აღმოჩნდა რაც ავტომატურად დისკვალიფიკაციას ნიშნავდა და 8 მარტს რაიო ვალეკანოსთან შეხვედრა გამოტოვა.

ისე მოხდა, რომ დისკვალიფიკაცია მისი დის დაბადების დღეს დაემთხვა (11 მარტი), კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით, ნეიმარი ბრაზილიაში გაემგზავრა, ოჯახთან დრო გაატარა, უკან 14 მარტს დაბრუნდა და ეიბარის წინააღმდეგ პირველი წუთიდანვე ითამაშა.

 

 

2016 წლის მარტი. დისკვალიფიკაცია

ისტორია მომდევნო წელსაც გამეორდა. ამჯერად ნეიმარმა მეხუთე ყვითელი რაიო ვალეკანოსთან 3 მარტს მიიღო და ისევ ბრაზილიაში გაემგზავრა. იქიდან დის დაბადების დღეზე დიდი ღრეობის ამბავი გავრცელდა. ბარსელონას ქომაგებმა ის ყვითლების განგებ მიღებაში დაადანაშაულეს.

2017 წლის მარტი. კუნთის ტრავმა

ამჯერად, ხუთყვითლიანი დისკვალიფიკაცია უკვე დეკემბერში მოიხადა და მარტის დასაწყისში სხვა რამ იყო მოსაფიქრებელი. ამჯერად ტრავმა მოიმიზეზა და დეპორტივოსთან შეხვედრა წარმატებით გამოტოვა. სამაგიეროდ ისევ გაემგზავრა ბრაზილიაში და ტრადიციულად დის დღეობა აღნიშნა.

2018 წლის მარტი. ტერფის ტრავმა

რაიმე გასაკვირი იყო? ამჯერად მკურნალობას მეტი დრო დასჭირდა. მიზეზი ის იყო, რომ ნეიმარს მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა და დამტებითი დატვირთვები რეკომენდირებული არ იყო. ბრაზილიური პურმარილი, ცხადია, არც ამჯერდ გამოუტოვებია.

 

 

2019 წლის იანვარი. მუხლის ტრავმა

ტრავმის მიუხედავად, 5 თებერვალს ნეიმარმა დიდებულად აღნიშნა თავისი დაბადების დღე. ვიდეოზე კარგად ჩანს,როგორ ცეკვავს ის დანი ალვეშთან და კილიან მბაპესთან ერთად...

მის ვირეშმაკობას საზღვარი არ აქვს.  

 

 

 

 

 

 

.