რას იბელარუსებენ ბელარუსები და რას იქართველებენ ქართველები

 

 

 

 

 

 

 

ბელარუსთან თამაშამდე ერთი თვეც აღარ დარჩა და დღე ისე არ გავა ეს ამბავი რომ არ გამახსენდეს. რა მაქვს დასამალი, არც ისე ვარ, რომ თავი უკვე მოგებული მეგონოს და არც წინასწარ ვგლოვობ რამეს. სხვადასხვა ვარიანტებს წარმოვიდგენ ხოლმე — მოგებასაც, წაგებასაც. თუ ამ სიტყვებს ჩვენი ფეხბურთელები წაიკითხავენ, გაბრაზდებიან წაგებას რატომ წარმოიდგენო და ჩემ ჯინაზე მოიგებენ, ძალიან გამიხარდება. თუმცა, არა მგონია წაიკითხონ. სავარაუდოდ, ვერ მოიცლიან. ამიტომ, ამ ყველაფერს ჩვენში ვამბობ, შინაურ წრეში, ჩემო მკითხველო. 

რა კოზირები ექნებათ ჩვენთან შეხვედრაში ბელარუსებს? ანდა, უფრო სწორი იქნება ასე თუ ვიკითხავთ: რას მიიჩნევენ ბელარუსები თავიანთ კოზირებად? რაზე გააკეთებენ აქცენტს? 

ალბათ, ძველი სტერეოტიპის თანახმად ჩათვლიან, რომ ჩვენზე ჯანიანები და ორგანიზებულები არიან და ქართული ინდივიდუალიზმის კოლექტიურად დაჩრდილვას დაგეგმავენ. შეეცდებიან ჯარისკაცული სიზუსტით შეასრულონ ტაქტიკური დავალება, რომელსაც ალბათ ჩვენი მასპინძლობა და თავიანთი სტუმრობა უკარნახებთ. ერთი სიტყვით, ვფიქრობ დაცვიდან ითამაშებენ, დაცვა კი ექნებათ ძალისმიერი, მჭიდრო და სწრაფ ურთიერთდაზღვევებზე დაფუძნებული. კიდევ, ძალიან უკანაც არ ჩადგებიან. თავიანთ საჯარიმოსთან ახლოს არ მიგვიშვებენ. ნუ, ყოველ შემთხვევაში, მე რომ ვიყო ასე ვიზამდი. ვიფიქრებდი, რომ ჯობია ცოტა წინ გავმაგრდე და ქართველებს ბურთს თუ წავართმევ, ორ პასში უკვე მათ საჯარიმოსთან ვიყო. 

 

და ჩემს ასეთ ფეხბურთს რითი შეუწყობდა მასპინძელი გუნდი ხელს? რასაკვირველია, ნელი თამაშით. ბურთის წართმევა, დევნა და დაძაბული სახით აქეთ-იქით სირბილი ხომ დიდძალ ენერგიას მოითხოვს, ასეთ დროს კი თუ მეტოქე იზოზინებს დიდ პატივს დამდებს.

კიდევ რისი იმედი უნდა ჰქონდეს ბელარუსის ნაკრებს? ფეხბურთელებით, სავარაუდოდ, ვერ გვჯობია. შეიძლება მთელ რიგ პოზიციებზე არც ჩამოგვივარდება, მაგრამ საფეხბურთო ხრიკებს უფრო ჩვენებისგან უნდა ველოდოთ, ვიდრე მათგან.

ფსიქოლოგიური ფაქტორი? აქ, მართალი გითხრათ დაბნეული ვარ. შინ რომ ვთამაშობთ კარგია, სტადიონი სავსე იქნება და იგუგუნებს, მაგრამ ეს ჩვენს მოთამაშეებს გაამხნევებს თუ მოჭარბებული პასუხისმგებლობით დათრგუნავს, ეგ არ ვიცი. იმედია, გაამხნევებს.

კიდევ, მატჩისწინა დღეები იქნება მნიშვნელოვანი. თუკი პრესაში, ტელევიზიით, ინტერნეტში, უბანში, მობილურში, ლეპტოპში და კიდევ სადმე დიდი საგიჟეთი დატრიალდება, მაშინ შეიძლება ბიჭების განწყობას ვავნოთ. არ ვიცი როგორ გამოგვივა (ჩვენც ხომ ქართველები ვართ), მაგრამ რაღაცნაირი ნორმალური აჟიოტაჟია საჭირო, არაგიჟური.

 

ტაქტიკაზე კი აბა, მე რა ვილაპარაკო. ვინ როგორ ფორმაში იქნება და „პაზლი“ როგორ დალაგდება, ეს ვლადიმირ ვაისმა იცის. თავხედი უნდა ვიყო აქედან ჭკუის სწავლება რომ დავუწყო. 

და ცხადია, ამ სიტყვებს არც ვაისი წაიკითხავს, მაგრამ მინდა იცოდეს, რომ გულწრფელად ვუსურვებ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში შესვლას. დაე, ნუღარ გადავდებთ. დაე, ის გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელმაც საქართველოს ეროვნული გუნდი დიდ ჩემპიონატზე გაიყვანა. მე მხოლოდ გამიხარდება და ტაშს დავუკრავ.

ბლოგს კი ასე დავასრულებ: კიდევ მიტრიალებს გონებაში ერთი-ორი საკითხი, მაგრამ სანამ კარგად არ მომწიფდება საჯაროდ არ ვიტყვი. უბრალოდ, გავაგრძელებ მოახლოებულ თამაშზე ყოველდღიურ ფიქრს და იმედი მაქვს ნერვიულობისგან ზღვარს არ გადავალ. 

 

 

 

 

 

 

.