რაფაელის მესამე გამოფენა

ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი არის რაფაელ ნადალი.

და, მატადორი უახლოვდება როჯერ ფედერერს. მატადორი უახლოვდება უკვდავებას და მატადორს უახლოვდება ის მანიაკი სერბიც. უკვდავებისთვის სერიოზული ჩეხვა იქნება.

მანამდე, რაფაელი იგებს.

აკაპულკოს ფინალში ნადალმა 6:3, 6:2 დაშალა ამერიკელი ტეილორ ფრიცი, რომელიც იქ, ესპანელთან დაკარგული, ზედმეტი იყო.

მთელი კვირის განმავლობაში ესპანელი კლავდა ბრეიქ პოინტებზე (35/22) და ესპანელი უფრთხილდებოდა საკუთარ ჩაწოდებას. როგორც ყოველთვის.

ნადალმა მესამედ მოიგო აკაპულკოს ტურნირი. უბრალოდ, პირველი ორი ვოიაჟი (2005, 2013) - გრუნტზე და ეს, ჰარდზე. რაფაელი არარეალურ ფორმაში შედის და იწყება ამერიკული მასტერსების (ინდიან უელსი, მაიამი) სერია.

ნადალმა კარიერაში 85-ე ფინალი წამოიღო. ამ სეზონში - პირველი. მთელი კვირა სეტის წაუგებლად. რაფაელი საშუალოდ, მხოლოდ 5 გეიმს აგებდა. და, ესპანელს აკაპულკოში 20:2 აქვს. ნადალი გახდა აკაპულკოს მესამე სამგზის ჩემპიონი თომას მუსტერის და დავიდ ფერერის შემდეგ. 33 წლის ნადალი როლან გაროს მთავარ ფავორიტად რჩება.

ფრიცი მეხუთე ფინალში იყო. ჯერ მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ ამერიკელი მოუმატებს და სწრაფ საფარზე საინტერესო ტიპი იქნება. აკაპულკოს ისტორიაში ტეილორი მეორე ამერიკელი ფინალისტი გახდა - სემ ქუერის შემდეგ. დიდმა სემმა სამი წლის წინ სატიტულო ბრძოლაში ნადალს გადაუჯოკრა. და, ამ შედეგით ფრიცი კარიერაში უმაღლეს, 24-ე ადგილზე ჩამოჯდება.

და, ბიჭისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია.

რაფაელმა 500 სარეიტინგო ქულა და 372 785 დოლარი მოხსნა. ფრიცმა - 300 და 187 110.

რაფაელი მზად არის.