ყურადღება ამსტერდამისკენ! წილისყრაზე, კალათებზე, ფორმატზე, გზაზე...

ამსტერდამში უეფას კონგრესი დაიწყო და უახლოესი სამი დღე ძალიან დატვირთული იქნება. უპირველესად, რაც ქართველებს გვაინტერესებს, ერთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის წილისყრაა, რომელიც 3 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.   

 

საქართველოს ნაკრები C ლიგაშია 15 ნაკრებთან ერთად და თანაც, პირველ კალათაში.

 

 

აი, კალათები:

 

  1. საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო
  2. ჩრდ.მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი
  3. ესტონეთი, სლოვენია, ლიტვა, ლუქსემბურგი
  4. სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა

 

ანუ, ჩვეულებრივ შედგება ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფი და შინ-სტუმრად გაირკვევა ოთხი საუკეთესო გამარჯვებული. მერე იქნება ნახევარფინალები და ფინალი. ანუ, როგორც ახლაა.

 

ერთა ლიგის ჯგუფის მატჩები 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.

 

აი, კალენდარიც: პირველი ტური - 3-5 სექტემბერი, მეორე - 6-8 სეტემბერი, მესამე - 8-10 ოქტომბერი, მეოთხე - 11-13 ოქტომბერი, მეხუთე - 12-14 ნოემბერი, მეექვსე - 15-17 ნოემბერი.

 

ნახევარფინალები და ფინალი: 2022 წლის 24-25 და 28-29 მარტი.

 

C ლიგიდან ორი გუნდი გავარდება ბოლო, D ლიგაში. რომლები, ამასაც ფლეი-ოფი გაარკვევს.

 

 

ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, როგორია გზა ერთა ლიგიდან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისკენ. გზაც და შანსებიც.

 

მუნდიალ–2022–ის ტრადიციული შესარჩევი ევროპის ზონაში 2021 წლის მარტში დაიწყება და იმავე წლის ნოემბერში დასრულდება. ანუ, როგორც შარშან იყო ევროშესარჩევში.

 

55 ნაკრები გადანაწილდება 10 ჯგუფში და პირველადგილოსნები პირდაპირ მიიღებენ ყატარის საგზურს. დარჩება 3 ვაკანტური ადგილი.

 

შემდეგ: 10 მეორეადგილოსანი და პლუს ერთა ლიგის 2020–2021 წლის გათამაშებიდან 2 საუკეთესო გუნდი (ოღონდ მათგან საუკეთესოები, რომლებიც ტრადიციულ შესარჩევში პირველ–მეორეზე არ გავლენ) ფლეი–ოფში ითამაშებენ. ანუ, ეს 12 ნაკრები 6 წყვილს შეადგენს. გამარჯვებული 6 გუნდი კიდევ 3 წყვილს შეადგენს და სწორედ ეს 3 მოგებული გავა მუნდიალზე.

 

გზა, რა თქმა უნდა, ურთულესია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ერთა ლიგიდანაც მოხვდე ყატარში.