ფსონი

 

 

 

 

 

 

 

იმის უფლებაც არა მაქვს, ოჯახის წევრს რამე ვუთხრაო?-ასე დაიჩივლა დენიელ სთარიჯმა და ტრაბზონსპორსაც გამოეთხოვა.

საქმე კი ისაა, რომ სთარიჯს ბრალად ედება ფსონის წესების დარღვევა, რომელიც ფეხბურთელს ერთი აქვს, უბრალო მეფსონეებს კი, სხვა.

ფეხბურთის. ასოციაციამ ყური ათხოვა დამოუკიდებელ საგამოძიებო კომისიას და ფეხბურთელს ექვსი თვით აუკრძალა თამაში, ზედ კი 150 ათასი გირვანქის ჯარიმაც დაადო.

 

 

სთარიჯი აქამდეც ერთხელ, ოღონდ ექვსი კვირით იყო მოკვეთილი, მაგრამ ახლა საქმე სულ უფრო და უფრო მძიმდება. 

ორიოდ წლის წინათ, ფეხბურთელს თავისი ძმისთვის, ლეონისთვის უამბნია მთელი სატრანსფერო ფანჯრის შიდა საქმეები და ესეც ურჩევია, რომ ჩემს სევილიაში გადასვლაზე დადე ფსონიო

ამ ახალი სასჯელის გამო მან კონტრაქტი გაწყვიტა ტრაბზონსპორთან, მერიდება უთამაშებელი ხელფასის აღება ამ კაი ხალხისგანო და გამოაცხადა, რომ გააგრძელებს ბრძოლას ფეხბურთელთა უფლებებისთვის, რათა ამ უკანასკნელთ ოჯახის წევრებთან ლაპარაკში შეზღუდვები მოეხსნათ.

ცოტა სასაცილო ამბავია, თავად სთარიჯი კი დიდი ვარსკვლავი არა, მაგრამ ხელწამოსაკრავი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, ნაირგვარი წარმატებით მოუვლია სიტი, ჩელსი და ლივერპული, უფრო პატარებზე. რომ აღარაფერი ვთქვათ. საერთოდ, ფეხბურთელთა მოდგმისა არის და ნაკრებშიც თავგამოჩენილია. თუმცა, ერთ-ერთ იმგვარ ფეხბურთელადაც ითვლებოდა, რასაც იღებენ, იმის ფასი რომ არასდროს უთამაშიათ. არის ფანებში ამგვარი შეფასება, ცოტა არ იყოს გაბერილ ახალგაზრდებზე. თუმცა, სთარიჯი ახალგაზრდა აღარ არის.

 

 

სასაცილო ამ ამბავში კი ის არის, რომ იმ სატრანსფერო ფანჯრის დროს, რომლის გაბაზრების შედეგები აგრერიგად სდევს ფეხბურთელს, ის სევილიაში არ გადასულა. კლოპმა სათადარიგოდ კი აქცია ლივერპულში და გაანათხოვრა კიდეც, მაგრამ მერე ერთი ხნით მოაბრუნა და ამ მობრუნებაზე, ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მომგების  მეორე მედალიც იგდო ხელთ, თუმცა კი ფინალში არ უთამაშია. სთარიჯი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელსაც ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოუგია ჩემპიონთა ლიგა და თან ისე, რომ არცერთ ფინალში არ უთამაშია. ჩელსი - ბაიერნის ფინალშიაც გამოუყენებელ მარაქაფში იყო.

ქუდბედიც ამას ჰქვია: გლენ ჰოდლს, პოლ გასკოინს და ალან შირერს სულ არ დასიზმრებიათ მსგავსი ჯილდოები. თუმცა, ქუდბედმა ცოტა კი უმტყუნა. სთარიჯს, რომელიც სამი წლით აპირებდა ტრაბზონში დარჩენას. მეორე მხრივ კი, ეგებ არც უმტყუნა, რადგან როგორც ამბობენ, უფრო მოსვენებული და ტკბილი ადგილისკენ უჭირავს გეზი, დევიდ ბექემის ახალდაარსებულ მაიამის ინტერში ითამაშებს შუა ზაფხულიდან. სიმართლე ითქვას და ტრაბზონსპორისთვის სთარიჯი დანაკლისი არ არის, გუნდი თურქეთის ლიგის ლიდერია, გამტანებიც ყავს და მოკლედ... არიან ფეხბურთელები, რომლებიც. არასდროს აკლდებიან გუნდს. 

 

 

ამბობენ, მისი აყვანა პრემიერლიგის ცხრილის ბოლოში მოფხაკურე ასტონ ვილასაც უნდაო. მითუმეტეს, ბირმინგემი სთარიჯის მშობლიური ქალაქია, ვილა კი ის გუნდი მისი ბიჭობისდროინდელი ტალანტი რომ არ დააფასა და არ აიყვნა, მაგრამ ზაფხულამდე ვილა სავარაუდოდ  გავარდნილი იქნება, სთარიჯი კი ისეთი ვინმე ჩანს, გავარდნილ ვილას ყოველთვის ახალდაარსებულ მაიამის რომ ამჯობინებს.

ისიც, საეჭვოა,  რომ ფეხბურთელთა უფლებებისთვის იბრძოლოს, გამორჩევით იმ საკითხზე, რომ ძმებს და ბიძებს ურჩიონ, ჩემს გადასვლაზე ჩადი ფულსო.

 

 

 

 

 

 

 

.