რა ხდება ლივერპულში?

ლივერპული ჩემპიონი, ალბათ, მაინც გახდება. ძალიან დიდი სხვაობაა უშუალო მდევარ სიტისთან. მაგრამ ის, რაც ბოლო ორ კვირაში გუნდს დაემართა, ცოტა ძნელი ასახსნელია. წითლები, რომლებიც ლამის 22-ე საუკუნის ფეხბურთს თამაშობდნენ და ყველა შესაძლო თუ შეუძლებელი რეკორდის დამხობასთან ახლოს იყვნენ, უცებ პრემიერლიგის აუტსაიდერს დაემსგავსნენ, 

წინა კვირას მათ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მადრიდის ატლეტიკოსთან 0:1 წააგეს. მაგრამ, წაგებაც არის და წაგებაც. 

ივნისში, მადრიდის ამავე სტადიონზე, ლივერპულმა ჩემპიონთა თასი აღმართა და ევროპის საკლუბო ჩემპიონობა იზეიმა. 

 

ახლა კი, ჩანს, ვანდა მეტროპოლიტანო მათი დაღმასვლის სიმბოლო გახდა. ძალიან ნელა აგორებდნენ ბურთს, უჭირდათ მოძრაობა და ერთმანეთს ვერ უგებდნენ, თითქოს პირველად ხედავენო. ეს იყო ერთ-ერთი უიშვიათესი მატჩი, როცა  კლოპის გუნდს კარში ერთხელაც არ დაურტყამს. ატლეტიკომ ის გაგუდა.

მათთვის ამ საშინელ საღამოს ისიც დაემატა, რომ ტრავმა მიიღო კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა. აღმოჩნდა, რომ მის გარეშე წითლების შუა ხაზი დაულაგებელი და ქაოსურია. ეს ვესტ ჰემთან მომდევნო მატჩში უფრო კარგად გამოჩნდა, როცა კლოპი ჰენდერსონის შემცვლელის ნაბი კეიტას გარჯით ერთობ უკმაყოფილო დარჩა. საქმეს ვერც ოქსლეიდ-ჩემბერლენმა უშველა.

ვესტ ჰემთან შეხვედრა ვახსენეთ და რეალურად საგანგაშო ვითარება ამ მატჩში გამოჩნდა. ლივერპული აგებდა, მცველები და შუა ხაზი უამრავ შეცდომებს უშვებდნენ. მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვეს, რაც იღბლის ბრალი უფრო იყო, ვიდრე გააზრებული თამაშისა. 

კიდევ, თუ მათ ბოლოდროინდელ მატჩებს გავიხსენებთ, რამდენიმე ისეთი იყო, გამარჯვება რომ არ ეკუთვნოდათ, მაგრამ ბოლო წუთებზე უმართლებდათ. ინერციით მიდიოდნენ, რომელიც აუტსაიდერ უოტფორდთან დამთავრდა და სამარცხვინო 0:3-იც ამის მაგალითია. ამჯერადაც ლივეპულს ხეირიანი მომენტიც არ შეუქმნია მეტოქის კართან.

"მათ ყველაფერი გააკეთეს რაც უნდოდათ, ჩვენ კი - ვერა. ასე მუშაობს ფეხბურთი. მოგვიწევს შედეგი მივიღოთ, რაც ადვილი არაა, მაგრამ ამ მატჩმა დაადასტურა, რომ საკმარისად კარგები არ ვართ," - განაცხადა შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა.

ლივერპულმა პრემიერლიგაში 44-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ბოლოს მერსისაიდელებს 2019 წლის 4 იანვარს მანჩესტერ სიტისთან წაეგოთ. მიმდინარე სეზონში კლოპის გუნდს 27 მატჩიდან 26 მოეგო, ერთი კი ფრედ დაესრულებინა.

 

 

ბოლო დროს ყვეაფერი აქეთ მიდიოდა და მოსახდენი მოხდა. არ სეიძლება მთელი სეზონი თანაბარ დონეზე ჩაატარო. გინდა, არ გინდა, რაღაც მომენტში ჩავარდნა გარდაუვალია. ახლა ლივერპულს ჩავარდნის დრო დაუდგა, თუმცა კრიზისზე საუბარი მაინც ჯერჯერობით გადაჭარბებულად გვეჩვენება.

მათი უახლოესი განრიგი ასეთია: სამშაბათს ისინი ჩელსისი ეწვწვიან ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში. შაბათს ბორნმუთს უმასპინძლებენ პრემიერლიგაში, 10 მარტს ატლეტიკოს დახვდებიან ენფილდზე, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში. 

მერე ისევ პრემიერლიგა: 16 მარტს ევერტონთან სტუმრად, 21 მარტს კრისტალ პალასთან შინ და 5 აპრილს მანჩესტერ სიტისთან სტუმრად.

ანუ, სამივე ტურნირში მოუწევთ თამაში და საინტერესოა, როგორ გამოძვრებიან ამ ვითარებიდან.