ხუბუტია - 26 მარტი ადრე და ახლა

აკაკი ხუბუტია ერთ-ერთი იშვიათთაგანი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა. ხუბუტიას დიდი გამოცდილება აქვს, 20 მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და საინტერესო რესპონდენტი სხვა მხრივაცაა: ბოლოს ბელარუსის ვიტებსკში თამაშობდა, ბელარუსული საფეხბურთო დინებები კი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა...

 

- შენი საკლუბო ამბები. ვიცით, რომ ბელარუსიდან წამოხვედი. სად აპირებ კარიერის გაგრძელებას?

 

- ჯერ არ ვიცი. შემოთავაზებები იყო, მაგრამ ისეთი არა, უყოყმანოდ რომ გადამეწყვიტა. ვიტებსკში ნოემბრის ბოლოს მესაუბრნენ, რომ იგივე პირობებზე დავრჩენილიყავი, მაგრამ მოცდა ვამჯობინე. 28 მატჩი ჩავატარე, აპრილის და მაისის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, თასის ფინალი ვითამაშე და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე ფინეთის ჩემპიონთან გავვარდით. უბრალოდ, ვიტებსკიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა და მეც წასვლა გადავწყვიტე. მეგონა, უკეთესი ვარიანტები გამოჩნდებოდა. 2019 წელს ჯამში 31 მატჩი ჩავატარე.

 

- ქართული კლუბებიდან არის წინადადებები?

 

- როგორც ვხედავ, გუნდები დაკომპლექტებულია. თუ ვინმეს დავჭირდები, შეთანხმება შეიძლება. ვნახოთ, თუ რამე გამოჩნდა...

 

- 26 მარტს ბელარუსს ვხვდებით. ბელარუსის ნაკრებზე რას იტყვი? მათი გამორჩეული ფეხბურთელები... რა სტილის ნაკრებია, რა უნდა დავუპირისიპიროთ?

 

- მებრძოლი და დისციპლინირებული ნაკრებია. მათი პლუსი ისაა, რომ ნაკრების ფეხბურთელებს კლუბებში პრაქტიკა არ აკლიათ. ყველა ფეხბურთელი გუნდში ან ლიდერია, ან მინიმუმ ძირითადის ფეხბურთელი. კარგი ლეგიონერები ჰყავთ რუსეთში და ყაზახეთში. გამორჩეულებს რაც შეეხებათ, შემტევებიდან სტასევიჩია ასეთი. ასევე, დრაგუნი. გამოცდილები არიან და როგორც ვთქვი, თავიანთ გუნდებში დიდ ძალას წარმოადგენენ.

 

-  ცხრა წლის წინ, სწორედ 26 მარტს იყო საქართველო-ხორვატია და გაიხსენე, რა ემოციები გქონდა?

 

- ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეა. ეს იყო თამაში, რომელიც ყველა ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში დარჩება. ყველა ხარობდა. მთელი ნაკრები ქართველ ხალხთან ერთად ვიყავით, როგორც ერთი ორგანიზმი. მოვუგეთ მსოფლიოს მომავალ ვიცე-ჩემპიონს. ემოციას ვერ გადმოგცემთ. უბრალოდ, ვერ აიხსნება.  კიდევ, დასამახსოვრებელი იყო საფრანგეთთან 0:0 თბილისში. საფრანგეთი ხომ იქიდან რამდენიმე წელიწადში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ორივე შეხვედრაში შეუცვლელად ვითამაშე.

 

-  ლევანდოვსკის წინაააღმდეგ პირველად 2011 წელს ითამაშე (პოლონეთი-საქართვლო 1:0). გაიხსენე, რა შთაბეჭდილება მოახდინა შენზე?

 

- იმ დროს პოლონეთის ნაკრებში დორტმუნდის ორი ფეხბურთელი გამოირჩეოდა: ლევანდოვსკი და კუბა ბლაშჩიკოვსკი. მაშინ გადატვირთული გრაფიკი მქონდა. რუმინეთის გაზ მეთანში ვთამაშობდი, კლუბის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავედით. გერმანიის მაინცი პენალტების სერიაში გამოვთიშეთ. შეუცვლელად ვთამაშობდი. 22 დღეში 7 მატჩი ჩავატარე. მაინცთან გასვლის მერე ჩავედი პოლონეთში და თემურ ქეცბაიამ 90 წუთი მათამაშა. ემოციებდაცლილი ვიყავი. მერე უკვე თბილისში მომიწია ლევანდოვსკისთან თამაში  და პოლონელებს უკვე ბევრად ძლიერი გუნდი ჰყავდათ. მე ვიტყოდი, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები იყო იმ პერიოდში.

 

- კარიერაში რაზე გწყდება გული?

 

- უფრო კარგი კარიერა შეიძლებოდა მქონოდა. რამდენიმე გადაწყვეტილებაში შევცდი. ჩემი ბრალი იყო. დანარჩენი რა ვთქვა, ფეხბურთისთვის არასოდეს მიღალატია. ვერავინ იტყვის, რომ რამე დავაკელი, ან არ ვვარჯიშობდი, ან რამე მსგავსი. ყოველთვის უზომოდ შეყვარებული ვიყავი ფეხბურთზე და საქმის კეთება არ მეთაკილებოდა. ასე მგონია, თუ ფეხბურთი სასწაულად არ გიყვარს და მოწადინებული არ ხარ, გამორიცხულია, წარმატებული კარიერა გქონდეს და უცხოეთის კლუბში სტაბილურად ითამაშო. ეს უფრო ახალგაზრდებს ეხებათ.