დინამომ მარსელთან ისტორია დაწერა

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მეათე ტურში, თბილისის დინამომ მარსელს უმასპინძლა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის შეგრიდებმა მეტოქე 15:12 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დინამომ უდაოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რაც შედეგშიც აისახა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება საფრანგეთში 17:7 დასრულდა.

 

სანამ უშუალოდ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, გეტყვით იმას, რომ მატჩი კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქომაგთა გარეშე ჩატარდა.

 

თითქმის მთელი მატჩი ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა. დინამო როგორც შეტევაში ასევე დაცვაში შესანიშნავად მოქმედებდა. განსაკუთრებით ეს პირველ და მეორე მეოთხედზე ითქმის. ცალკე გამოსარჩევია მეორე მეოთხედის ბოლო ეპიზოდი, როცა პერიოდის დასრულებამდე ნახევარი წამით ადრე ვაპენსკიმ შორი მანძილიდან გაისროლა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

 

დინამომ მხოლოდ ბოლო მეოთხედი დათმო, ამ პერიოდში ჩვენმა გუნდმა 1:5 წააგო.

 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო დინამოს მეკარე ირაკლი რაზმაძე, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. სათქმელია, რომ შეხვედრის ბოლოს ირაკლიმ პენალტიც აიღო.

 

დინამოს რიგებში გოლები ქავთარაძემ (3), იმნაიშვილმა, იელაჩამ (3), შუშიაშვილმა, რურუამ, მარაგველიძემ, ბარალდიმ (2) და ვაპენსკიმ (3) გაიტანეს.

 

ასე და ამგვარად ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩომახიძის შეგირდებს ამ წუთისთვის 3 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ტურში დინამო ფერენცვაროშს ესტუმრება. აღნიშნული მატჩი 10 აპრილს გაიმართება.