ქუთაისმა მეორე ადგილი შეინარჩუნა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბათუმის “შავი ზღვის ბიჭებმა“ 37-25 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს, ქუთაისმა კი 37-34 დაამარცხა სტუ-იმედი. ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ხვალ მორიგი ორი მატჩია.

 

ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა მეცამეტე მატჩში მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვა. სპორტის უნივერსიტეტი მხოლოდ დასაწყისში გაუძალიანდა ლიდერს: მეათე წუთზე ბათუმი მხოლოდ ერთი ბურთით იგებდა (7-6), მაგრამ ამის შემდეგ, შესვენებამდე, სხვაობა თერთმეტამდე გაზარდა -  24-13. 

 

მეორეში სტუდენტები ბევრით აღარ ჩამორჩნენ ბათუმელებს და სხვაობა იმაზე ნაკლები გამოვიდა, ვიდრე ამავე გუნდების პირველი წრის მატჩში - ბათუმმა მაშინ 45-28 მოიგო, დღეს - 37-25. ბათუმი 24 ქულით ლიდერია, სპორტუნმა მეხუთე ადგილი შეინარჩუნა. მოგებულ გუნდში ყველაზე მეტი, 8 გოლი ხაზის მოთამაშე გიორგი მიქავამ გაიტანა, სტუდენტებს შორისაც ამ ამპლუის მოთამაშე, ირაკლი ჩაკვეტაძე იყო ყველაზე შედეგიანი - 7 გოლი.  

 

უფრო საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი ცხრილში მეორე-მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის. სტუ-იმედმა პირველ წრეში ქუთაისში დაამარცხა მეტოქე (40-38) და დღეს მოგების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადაინაცვლებდა.

 

ქუთაისი თავიდანვე დაწინაურდა (4-1), მაგრამ ტრავმა მიიღო მათმა გამთამაშებელმა უჩა გამზარდიამ და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - 3-4. მალე, ხუთბურთიანი, ჩამორჩენის შემდეგ (4-9), იმედის მწვრთნელ ირაკლი კეკელიძეს წუთშესვენების აღება მოუხდა. სხვაობა ორამდე დავიდა (9-11), რის შემდეგაც ტაიმაუტი უკვე ალექსანდრე ბოყოჩაძეს დასჭირდა.

 

მთელი ბრძოლა თითქოს წინ იყო, მგრამ მე-19 წუთზე წითელი ბარათი მიიღო იმედის მოთამაშემ, მეთოდე ჭელიძემ, ქუთაისი სწრაფად დაწინაურდა და შესვენებამდე სხვაობა გაიზარდა: 21-11.

 

საქმე გაკეთებული იყო, მეორე ნახევარში მოედანს დაუბრუნდა გამზარდიაც, იმედმა საქმე ნელ-ნელა გამოასწორა, მაგრამ ქუთაისელთა მოგება ეჭვქვეშ არ დამდგარა. საბოლოოდ, სახელბურთო კლუბმა ქუთაისმა მოიგო იმაზე მეტით, ვიდრე პირველ წრეში დამარცხდა (37-34), მეტოქეს 4 ქულით გადაასწრო და მეორე ადგილზე მტკიცედ დამკვიდრდა. 7-ტ გოლი გაიტანეს ქუთაისელმა უკანახაზელებმა, სტურუამ, გამზარდიამ და ფერაძემ, წაგებულ გუნდში ცხრაჯერ გამოიჩინა თავი დავით ყორიაულმა.

 

დღეს ოლიმპიურ სასახლეში 16 საათზე ქუთაისი სპორტის უნივესრიტეტს შეხვდება, ხოლო 18 საათზე „შავი ზღვის ბიჭები“ - სტუ-იმედს.

 

მომზადებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გვერდის მიხედვით.