შოუ რომელიც კორონავირუსზე მეტია!

 

 

 

 

 

 

 

ნახეთ ელ კლასიკო? მაინც მაგარია, რა. მაღალი დონეა, დაძაბულობაა, ქარიზმაა. რომელმაც გინდა მოიგოს, ემოციით დატვირთულს გტოვებს.

დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რომ რეალის და ბარსელონას (ბარსელონასა და რეალის) დაპირისპირება ესპანეთის ფარგლებს გაცდა. ტექნოლოგიურმა პროგრესმა გააცდინა. ის უკვე კარგა ხანია აღარ არის კონკრეტული ქვეყნის ჩემპიონატის მატჩი. მეტიც, ის კარგა ხანია აღარ არის კატალონიელთა სეპარატისტული თუ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ნაწილი ესპანეთის სამეფოს წინააღმდეგ. ის დიდი ხანია ჩემი და ჩემი მეგობრის, თქვენი და თქვენი თანამშრომლის, მისი და მისი ბიძაშვილის ხალისის და ერთმანეთისთვის ნიშნის მოგების ნაწილად იქცა. ჩვენ ასე ვცხოვრობთ. ასე გვიყვარს ფეხბურთი. ასე ვდავობთ გემოვნებაზე. ასე ვიცავთ ჩვენი ბავშვობის ან მოზრდილი ცხოვრების რომელიღაც მოგონებას, ამბავს რომელმაც ბარსა ან რეალი შეგვაყვარა.

შეიძლება ყველაფერი ფერებთან იყოს დაკავშირებული — ვთქვათ, ვინმეს ბროწეულის ფერისა და ლურჯის შეხამება აღიზიანებდეს და ამიტომ ვერ გულშემატკივრობდეს კატალონიელებს. ზოგს კი სინამდვილეში ძალიანაც მოსწონს ერთი ან მეორე, მაგრამ ნაცნობი ჰყავს, რომელიც ნერვებს უშლის და მისი გუნდის მხარეს ვერ იქნება. 

 

არ შეგხვედრიათ ასეთი ხალხი? ვიღაცის ფანია, მაგრამ ისეთი მწარე, უკაცრავად და, მყრალი ლაპარაკი იცის, რომ უნებურად მისი გუნდის წინააღმდეგ დგები. ჰოდა, ამ კაცის ჯინაზე ერთხელ რომ დაიჭერ რაღაც პოზიციას, მერე იქ რჩები და რჩები. თან, მე შენ გეტყვი და რეალისტობაა ცუდი თუ ბარსელონას გულშემატკივრობა. ორივე სწორი და გემოვნებიანი პოზიციაა, უბრალოდ ხანდახან გაწბილება მოგიწევს. გაწბილდები იმაზე მეტად, ვიდრე, ვთქვათ, ბაიერნს რომ გულშემატკივრობდე, რადგან ბაიერნს ასე გადაკიდებული და ასეთი ძლიერი მტერი არ ჰყავს. გაწბილდები იმაზე მეტად, ვიდრე ვთქვათ მანჩესტერ იუნაიტედს რომ გულშემატკივრობდე, რადგან რეალის და ბარსელონას ქიშპობა იუნაიტედისა და ლივერპულის ქიშპობაზე ჯიბრიანია; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური დაპირისპირების ელემენტს შეიცავს.

და ბოლო ათწლეულში იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ელ კლასიკოს დამატებითი დაძაბულობა შესძინა — მესი vs რონალდუ. და არ გვინდა ახლა, მესი უცხოპლანეტელია, რონალდუ კი შამპუნის რეკლამას აკეთებს. ან მესი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ერთფეროვანი. ამ ორმა ადამიანმა ძალიან მაგარი და დიდი ჯიბრით სავსე პერიოდი გვაჩუქა, რომელიც… ვაგლახ, თანდათან დასასრულს უახლოვდება. ისინი ხომ უკვე 35 და თითქმის 33 წლის კაცები არიან. ჯერ კიდევ ქაჩავენ? კი როგორ არა, მაგრამ ასაკს ერთი თვისება აქვს — არ იკლებს. და 35 წლის კაცი (გინდა 33-ის) უფრო ახლოს არის კარიერის დასრულებასთან, ვიდრე ოცდახუთის.

ასაკი ასაკად და ელ კლასიკოს, რონალდუს იუვენტუსში გადასვლამაც ძალიან დიდი მუხტი დააკლო.

თან, რამდენ ხანს შეიძლება ერთი შოუ ხსნიდეს რეიტინგებს. ხალხს გადართვა სჭირდება. ბევრს მობეზრდა.

მსოფლიო სტატისტიკაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რამდენადაც საქართველოში გავიკთხ-გამოვიკითხე, ჩვენს სპორტულ საიტებზე დღეს ლივერპულისა თუ მანჩესტერ სიტი-იუნაიტედის ამბებს უფრო კითხულობენ, ვიდრე რეალისა და ბარსელონის. არც მიკვირს. ლივერპული ხომ ახალი ინტრიგაა, სანახავად ლამაზი და ძლიერია. მერედა, ზედ კლოპი vs გვარდიოლა ემატება. პლუს, ზოგადინგლისური ფონი: ცოტა სულშერი, ძველი ჯაჯღანა მოურინიუ…

თითქოს, იტალიამაც გამოიხედა თვალებში. იუვენტუსში ის 35 წლის რონალდუც თავურს რომ არტყამს მეორე იარუსამდე ხტება…

 

თუმცა, ელ კლასიკო მაინც ელ კლასიკოდ რჩება, ძალიან მაღალი დონის, წარმოდგენად, დიდ ქიშპობად, შოუდ, რომელსაც კორონავირუსი არ ადარდებს და რომლის სანახავად ხალხი, რომელმაც ბილეთში ასეულობით ევრო გადაიხადა, სტადიონზე პირბადის გარეშე მიდის.

ის რჩება თამაშად, რომლის შემდეგაც დამარცხებული გუნდის ვარსკვლავი პიკე, კომენტარს აკეთებს: დღეს, პირველ ტაიმში რომ იყო, ასეთი სუსტი რეალი ჯერ არ მინახავსო…

ხომ შეიძლება ეს ნათქვამი შემოუტრიალონ: ბიჭო, იმან მოგიგო და თუ ასეთი სუსტი იყო, შენ რაღა გამოდიხარო. არ ჯობდა, ორივენი რომ მაგრები ხართ ის გეთქვაო, მაგრამ არა! ეს არის რეალი vs ბარსელონა. აქ მთავარია მოწინააღმდეგეზე ცუდი თქვა. იყო ჯიბრიანი და ძალიან ძლიერი.

რა გითხრათ, აბა, მე ძალიან მიყვარს ელ კლასიკო!