ქინქლაძე... მათ ინგლისი შეცვალეს!

 

 

 

 

 

 

 

“ევროპელები, რომლებმაც ინგლისური ფეხბურთი შეცვალეს“ - ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა ამ თემას. ჩამოთვლილია ფეხბურთელები, რომლებმაც ინგლისის ჩემპიონატში სხვა ხიბლი შეიტანეს. ახალი საფეხბურთო სტილი და ელემენტები...

 

საამაყოა, რომ ამხელა გამოცემამ სიაში შეიყვანა გიორგი ქინქლაძეც! ქართველი ვარსკვლავი, რომელიც 90-იან წლებში მანჩესტერ სიტიში ბრწყინავდა. რომელიც, შეიძლება ითქვას, ცალკე გუნდი იყო და სიტის დანარჩენი 10 ფეხბურთელი - სხვა...

 

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ 90-იანებში ბევრი უცხოელი განსხვავებული სტილის ტალანტი ჩავიდა ინგლისში, მაგრამ ქართველი ამ განსხვავებულებშიც კი გამორჩეული იყო. "ის წარმოუდგენელი სიმსუბუქით, იოლად ატყუებდა მცველებს". 

 

ბერტ ტრაუტმანიდან ვირჯილ ვან დეიკამდე... მეკარე ტრაუტმანის ისტორია ხომ ცალკე დასაწერია. გერმანელი გახლდათ, 1923 წელს დაბადებული. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიაში მსახურობდა. ტყვედ ჩავარდა, მერე კი სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა. ინგლისში დასახლდა, იქ შეხვდა გოგონას, რომელიც შეუყვარდა და ოჯახი შექმნა. 26 წლის ასაკში ტრაუტმანი მანჩესტერ სიტიში გადავიდა. თავიდან მას აგინებდნენ, მეტწილად, ებრაელები... მეტიც, სტადიონის გარშმო შეიკრიბნენ და გერმანელი მეკარის მოსაკლავადაც ემზადებოდნენ, თუმცა მათ გააგებინეს, რომ ტრაუტმანს სხვანაირი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა.

 

 

ტრაუტმანი 15 წლის განმავლობაში თამაშობდა სიტიში და ფანების ფავორიტი გახლდათ.

 

ტრაუტმანი, ქინქლაძე და ვან დეიკი უკვე დავწერეთ. მათ გარდა, The Guardian-ს განსხვავებული ფეხბურთელების სიაში ჰყავს იფსვიჩის ჰოლანდიელები, არნოლდ მიურენი და ფრანს ტიისენი; მათი თანამემემულე, არსენალელი დენის ბერხკამპი; შვედი ანდერს ლიმპარი, ფრანგები ერიკ კანტონა და ტიერი ანრი; გერმანელი იურგენ კლინსმანი; ესპანელი ხუან მატა.

 

 

ჯერჯერობით, ბოლოა ვან დეიკი: ლივერპულის ზესვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.    

 

 

 

 

 

 

.