ცხოველი ბრუნდება

პორტლენდი ძალიან კარგი გუნდია. რომელსაც ძალიან  მაგრად არ უმართლებს. პორტლენდი ცდილობს ფლეი ოფში შესვლას და ამას ლიდერების გარეშე აკეთებს. რაღაც პერიოდით გუნდმა დაკარგა დემიან ლილარდი. და, ლილარდი გუნდისთვის შეუცვლელია. ისვენებდნენ სხვებიც.

ისვენებდა ძალიან კარგი ცენტრი იუსუფ ნურკიჩი.

რომელმაც შარშან ფეხი მოიტეხა. ერთი წლით ბიჭმა პაუზა აიღო და მზად არის თამაშისთვის. 15 მარტს იუსუფი ჰიუსტონს დაელაპარაკება.

 

ნურკიჩი: „მზად ვარ. გუნდს ფლეი ოფის წინ დავეხმარები. ჩვენ გვეკუთვნის იქ, ფლეი ოფში თამაში.“

ალბათ, იუსუფი მართალია. ცენტრი, რომელმაც ტრავმა 2019 წლის 25 მარტს, ბრუკლინთან შეხვედრის დროს მიიღო, ვერ ჩაჯდება პორტლენდის პირველ ხუთეულში. ეს ადგილი დაკავებულია.

ამ ადგილზე ჰასან უაითსაიდი დგას. რომელიც საშუალოდ 3.1 დაფარებას აკეთებს. საუკეთესო შედეგი ლიგაში. 16.1 ქულასთან და 14.2 მოხსნასთან ერთად. ჰასანი მონსტრია. და, ჰასანს საკონტრაქტო სეზონი აქვს.

ნურკიჩი არ შეუშლის ხელს უაითსაიდს, მაგრამ ბიჭების ერთად თამაში გამორიცხულია. ორივე სამწამიანის ცხოველია და ამ შემთხვევაში, პორტლენდის პერიმეტრი დასუსტდება.

იუსუფს შარშან არაჩვეულებრივი, კარიერაში ყველაზე მაგარი სეზონი ჰქონდა - 15.6 ქულა, 10.4 მოხსნა. და, მასთან ერთად, პორტლენდი გავიდა დასავლეთის კონფერენციის ფინალში. პირველად, ბოლო 19 სეზონში.

ბოლო ტესტში პორტლენდი აგებს სუსტ ფინიქსთან 117:127. თამაში, რომელშიც სანზის ცენტრმა არონ ბეინსმა 9 სამიანი ჩაგდო და 37 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა. ეს ტეტსი ჰასანმა 23 ქულით, 20 მოხსნით და 4 დაფარებით დახურა.

იუსუფი კარგ დროს ბრუნდება.