შუმახერივით დიდი სიყვარულის ამბავი

ალპებში ჩარჩენილი ზღაპარული ისტორია

... მაშინ ის მხოლოდ კარტინგზე იჯდა და რამდენიმე თასი ჰქონდა მოგებული. მოგვიანებით ფორმულა 3-ში გადავიდა და იქაც წარმატებას მიაღწია. 1990 წლის ერთ-ერთი წვეულებისას კი კორინა ბეტჩი გაიცნო, ქალი, რომელიც ...

 

მაშინ მიხაელ შუმახერს ქალები და გართობა არ აკლდა. შეყვარებულს შეყვარებულზე იცვლიდა, კორინას კი მერსედესში შუმახერის თანაგუნდელ ჰაინც ფრენტცელთან ჰქონდა გამბული სერიოზული ურთიერთობა. შუმახერი, ცხადია, „მურმანის ეკლის“ როლს ერიდებოდა, თუმც ისეც იყო, რომ მერსედესელების ერთად შეკრებისას ისინი ერთმანეთს გულთბილად ესალმებოდნენ... ამგვარი შეკრებები კი იმ პერიოდში სულ უფრო გახშირებული გახლდათ. 

 

 

1991-ში მიხაელ შუმახერი პირველად მიუჯდა ფორმულა 1-ის საჭეს და ბელგიის გრან პრი მოიგო, თუმც, როგორც მოგვიანებით თავად თქვა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ის გოგონა, წვეულებიდან...

 

კორინა და მიხაელი ნელ-ნელა დამეგობრდნენ. ქალი აშკარად შეყვარებული გახლდათ, მომავალი დიდი ჩემპიონი კი მაინცდამაინც ხშირ ურთიერთობას ისევ ერიდებოდა. კორინა მიხაელს ეუბნებოდა, რომ შვილი სურდა, მისი მეგობარი მამაკაცი კი წინააღმდეგი იყო. ბავშვზე დაწყებული უთანხმოება მალე დაშორებით დამთავრდა. კორინა უკვე თავისუფალი ქალი იყო. შუმახერს ხელ-ფეხი გაეხსნა. 

 

მიხაელ შუმახერი სიამაყით ამბობდა, რომ მასზე  ისე არავინ ზრუნავდა, როგორც კორინა ბეტჩი. ჩემპიონი განსაკუთრებით აფასებდა კორინას მიდრეკილებას ცხენოსნობის მიმართ და ცხოველებისადმი მის სიყვარულს. კორინა თურმე ვეტ-ექიმობაზე ოცნებობდა.

 

რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ მიხაელმა კორინას ხელი სთხოვა. 1997 წელს მათ ქალიშვილი ჯინა-მარია შეეძინათ, ორი წლის შემდეგ ვაჟი - მიკი. 

 

 

პირველი შვილის დაბადებამდე კორინას მეუღლის მონაწილეობით რბოლა არ ჰქონდა გაცდენილი, 1998 წელს კი ფრანგულ ეკიპს უთხრა, რომ არასდროს დადგებოდა მიხაელისა და სამსახურს შორის. „რბოლებისადმი მისი სწრაფვა კოლოსალურია. ვიცი, უამისოდ  მისი ცხოვრება წარმოუდგენელია, ამიტომაც ყოველთვის ისეთს ვიღებ, როგორიც არის. როცა ის გავიცანი, უკვე პილოტი იყო“, - თქვა კორინა ბეტჩმა...

1996 წელს შუმახერმა ჟენევის ტბის პირას სახლი შეიძინა, საცხოვრებლად კი მოგვიანებით, ბავშვებთან ერთად გადავიდა. იქამდე ის და კორინა ხმაურიან მონტე კარლოში ცხოვრობდნენ, სადაც ქომაგებისგან თუ ჟურნალისტ-პაპარაცებისგან მოსვენება არ ჰქონდათ. მათ შუმახერის ცხოვრების ყველა დეტალი აინტერესებდათ, ისინი კი მოსვენებას არ აძლევდნენ. BBC წერს, რომ ერთხელ კორინასა და მიხაელს კიმი რაიკონენი ესტუმრა ოჯახთან ერთად, თუმც გადაჭარბებული ყურადღება იმდენად მომქანცველი აღმოჩნდა, იქაურობას მალევე გაეცალნენ.

 

„ჯინა-მარია ორი წლისაც არ იყო და უკვე კარგად იცოდა რა არის, რას ნიშნავს ალისფერი ბოლიდი. მე და კორინას კი წყნარად, ჩვეულებრივად ცხოვრება გვსურდა. ამიტომაც გადმოვედით ჟენევის ტბის პირას და არა იმიტომ, რასაც წერენ, თითქოს ზედმეტ გადასახადებს მოვერიდეთ. წვეულებებზე და სხვადასხვა შეხვედრებზე სიარული შევამცირე, მსურს რომ უფრო მეტი დრო ოჯახს დავუთმო. არ ვარ ის მამა, რომელიც შინ მაშინ ბრუნდება, როცა ბავშვებს სძინავთ. სამსახურს ძალიან სერიოზულად ვეკიდები, თუმც აგენტისთვის პირდაპირ მაქვს ნათქვამი, რომ ოჯახის ხარჯზე არაფერს გავაკეთებ“, - ამბობდა მიხაელ შუმახერი ახალ სახლში გადასვლისას. 

 

 

უბრალოება - აი, რაც მიხაელ შუმახერს სხვა დიდი ვარსკვლავებიდან გამოარჩევდა და რის გამოც შეიძინა კიდეც მილიონობით ქომაგი.  შვილებს მამისგან ხშირად ესმოდათ, რომ პოპულარობამ თავმდაბლობა არ უნდა დაავიწყოთ. მიხაელ შუმახერი ბავშვებს ისევე ზრდიდა, როგორც ჩვეულებრივ ოჯახებში, ყოველდღიური საჭიროებისთვის მის შვილებსაც იმდენივე ფული ჰქონდათ, რამდენიც სხვებს. 

 

შუმახერების შვეიცარიული ცხოვრება ქორწინების იდეალური სოციალური რეკლამასავით იყო. მათი მეზობლები ამბობდნენ, რომ გამარჯობას მათ ვერავინ დაასწრებდა, დასახმარებლად მუდამ მზად იყვნენ, მათგან ხმამაღალ სიტყვას ვერავინ გაიგებდა, მით უმეტეს ერთმანეთისთვის ნათქვამს... მიხაელს, ცხადია ავტორბოლის შემდეგ, განსაკუთრებით ფეხბურთი უყვარდა და გეხსომებათ, ვარსკვლავებთან ხშირად საქველმოქმედო შეხვედრებშიც მიუღია მონაწილეობა. რეგულარულად თამაშობდა სამოყვარულო გუნდშიც... ის ინახავდა ადგილობრივ პარკს, ზამთარში კი შუმახერები მთელი ოჯახით ნორვეგიას მიაშურებდნენ ხოლმე - იქ კიდევ ერთი სახლი ჰქონდათ...

 

„მასში ყველაფერი ჰარმონიულადაა, ჩვენს შორის საიმედო კავშირია, ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. მაგიდასთან ჩვენ ერთმანეთთან ჩვეულებრივზე ახლოს ვსხდებით, ასე უფრო კომფორტულად ვართ და იმიტომ. ხანდახან ჩვენი ეს მოქმედება სასაცილოც კია“, - უთხრა კორინამ ადრე ტელეგრაფს. მიხაელმა კი დაამატა: „კორინა არა მხოლოდ ფიზიკურად არის ჩემთვის ოცნების ქალი, მან კარგად იცის როდის რა , როგორ, რატომ უნდა გააკეთოს და მასიამოვნოს. ხშირად ვფიქრობ რა არის სიყვარული და ვხვდები, რომ უბედნიერესი ადამაინი ვარ, რადგაც მყავს კორინა“.

 

 

შვეიცარიაში კორინასათვის ცხოვრება იდეალურად აეწყო: ცხენები, კურდღლები, ძაღლები და ფრინველები... კორინა ცხენოსნობას არც შვეიცარიაში შეეშვა და 2010-ში ერთ-ერთ სახეობაში ევროპის ჩემპიონატიც კი მოიგო. 2012 წელს მიხაელმა კორინასთვის ტეხასის შტატში რანჩო იყიდა, სადაც ერთბაშად 36 ცხენს უვლიდნენ...

 

კორინა მიხელის აგენტიც გახლდათ. ის აგვარებდა მეუღლის სარეკლამო საქმიანობას. „ყველა ჩემი გამარჯვება ეძღვნება კორინას. ყოველი რბოლის წინ მასზე ვფიქრობ და ეს მაძლიერებს. სწორედ კორინა არის ჩემთვის ის ცხოვრება, რაზეც ვოცნებობდი და რისკენაც მასთან ერთად მივისწრაფი, -ამბობს მიხაელ შუმახერი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი და აგრძელებს, - 2005 წელს, როცა ფორმულადან პირველად წავედი, კიდევ ჩამოუყალიბებელი ვიყავი და ამიტომაც, 24 საათი კორინას რჩევებს ვისმენდი. რთულ მომენტებში მასთან საუბარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

საფრანგეთის ალპებში საბედისწერო ტრავმადე ცოტა ხნით ადრე მიხაელსა და კორინას შორის ურთიერთობა პირველად დაიძაბა. ბავშვების გამო დაიძაბა. ადრე მიხაელი მიკს ფორმულაში რბოლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა, თუმც მოულოდნელად მან შეხედულება შეიცვალა და მეუღლეს უთხრა, რომ ბიჭს სარბოლო ასპარეზისკენ გზას უხსნიდა და ყველანაირად გზას გაუკვალავდა. კორინა „აფეთქდა“,  თუმც მალევე დამშვიდდა, რადგანაც გაახსენდა, რომ ოდესღაც ერთმანეთს პირობა მისცეს - ხმას არ აუწევდნენ...

 

 

მალევე კი მათი ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა - ზღაპრული სამყაროს ნაცვლად ღრუბელი და ცრემლი... თავის ტრავმიდან ექვსი თვე მიხაელ შუმახერი ხელოვნურ კომაში იყო და რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. მას შემდეგ 5 წელიწადი გავიდა. კორინა ქმრის სიცოცხლისთვის დღემდე იბრძვის. შვეიცარიის სახლი მან ყველა იმ აპარატურით აღჭურვა, რაც საავადმყოფოშია; ყველა ის ექიმი დაიქირავა, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობდა; მხოლოდ ექიმების ბინაზე მომსახურეობის ხარჯი თვეში დაახლოებით 100 ათასს ევროს უტოლდება.

 

მეუღლის მდგომარეობიდან გამოსაყვანად კორინამ ნორვეგიის სახლი და ცხრაადგილიანი თვითმფრინავი 25 მილიონად  გაყიდა. აუქციონზე გაიტანა შუმახერის ბოლოდი, რომლითაც 2000 წელს ფორმულა 1-ის ლეგენდამ მორიგი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. სოტბის აუქციონზე ეს ბოლიდი 7.5 მილიონად გაიყიდა.

 

კორინა ბეტჩი ქმრის უფლებებისთვის იბრძვის სასამართლოშიც... მაგალითად შარშან, მან ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პროცესი მოუგო ერთ-ერთ გერმანულ ტაბლოიდს, რომელსაც საკომპენსაციო 50 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა...

 

მიხაელის და კორინას შვილები კი მშობლების გზაზე დადგნენ: ჯინა უკვე ჯირითობს, 19 წლის მიკი ფორმულა 3-ის ჩემპიონია.

 

 

2015 წელს გერმანელმა მომღერალმა საშა ჰერშემბახმა შუმახერს სიმღერა მიუძღვნა - Born To Fight (დაბადებული ბრძოლისთვის), კორინამ კი ავტორს მადლობა წერილობით გადაუხადა. ახლახან კი ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსიც. კორინა მუსიკოსს წერდა, რომ... „ მიხაილის სიცოცხლისთვის დანებებას არ ვაპირებ. აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს“, - ეს ამბავი მედიას  საშა ჰერშემბახმა უამბო.

 

 

სადღეისოდ ლეგენდის მდგომარეობის შესახებ სამყარომ არაფერი იცის, თუმც თუ მიხაელის გამოჯანმრთელების იოტისოდენა შანსი მაინც იქნება, ყველა დარწმუნებულია - დიდი ჩემპიონი ამით აუცილებლად ისარგებლებს... 

... კორინა ბეტჩიც იქვე იქნება.