გიორგი გეთიაშვილი: უხერხული მეტოქე უნდა გავხდეთ!

ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელი გასული წლისა და მომავალი სეზონის შესახებ 

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია დაბრუნდა. განვლილი გზის, სირთულეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ leadersport-თან გუნდის გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გეთიაშვილმა ისაუბრა.

 

როგორ შეაფასებ განვლილ სეზონს, როგორც საკლუბო ისე ინდივიდუალური კუთხით?

 

სეზონი კარგად დავიწყეთ და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხრილში პირველ ადგილსაც ვიკავებდით... იყო ბევრი სირთულე, თუმცა ყველა ფაქტორზე საუბრისგან თავს შევიკავებ... იყო პერიოდი, როცა რამდენიმე მატჩი მოგებას ვერ ვახერხებდით, რაც ცოტა საფეხბურთო იღბლის ნაკლებობის და კიდევ რამდენიმე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის ბრალი იყო... არ მინდა არაკორეტქულად გამომივიდეს, მაგრამ გარკვეული გავლენა არაადეკვატურმა მსაჯობამაც იქონია. არ ვთვლი, რომ ეს მაინცდამაინც მიზანმიმართულად ხდებოდა, თუმცა ფაქტია შედეგზე აისახა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა გუნდს სხვაზე გადაბრალების და დანებების სურვილი ან განცდა არ ჰქონია, ჩვენ გავაგრძელეთ დასახული მიზნისკენ სვლა და ვფიქრობ რითიც ეს პერიოდი დავძლიეთ, იმავე მიზეზით შევძელით უმაღლესში გადასვლა. საუბარი გუნდურობის ფაქტორზე მაქვს, არამარტო მოედანზე ასევე მოედნის გარეთაც. გუნდის ყველა წევრი გულდასმით უდგებოდა სავარჯიშო პროცესს და თამაშს, სწორედ ამ პროფესიონალური დამოკიდებულების ხარჯზე მოვახერხეთ და უმაღლეს ლიგაში დავბრუნდით.

 

პირადად ჩემთვისაც, როგორც გუნდის ნაწილისთვის საერთო მიღწევიდან გამომდინარე ვფიქრობ წარმატებული სეზონი და წელიწადი გამოვიდა. 

 

წინ ახალი სეზონი და განსხვავებული ეტაპია, როგორ ემზადება გუნდი ეროვნული ლიგისთვის?

 

ამჟამად გუნდი ისვენებს და ოფიციალური ვარჯიშის განახლებამდე ინდივიდუალური პროგრამა გვაქვს, რომლითაც მოვემზადებით. გაძლიერებას ნამდვილად ვაპირებთ, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია. გუნდი ალბათ უფრო ადგილობრივი ფეხბურთელებით შეივსება და არა ლეგიონერებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს გუნდში მოვა დასახულ მიზანში თავის როლის შესრულებას უნდა შეეცადოს.

 

როცა ვიტ ჯორჯია უმაღლესი ლიგიდან გავარდა მაშინაც ამ გუნდის ღირსებას იცავდი. რა პარალელის გავლება შეგიძლია მაშინდელი და ახლანდელი ეროვნული ლიგის დონეს შორის?

 

იმ პერიოდშიც ვიტ ჯორჯიაში ვირიცხებოდი და კარგად მახსოვს მაშინდელი მდგომარეობა. ვფიქრობ, სხვაობა ნამდვილად არის. ადრინდელთან შედარებით გუნდებში ახლა უფრო სტაბილური სიტუაციაა და წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნება. გზის გაკვლევა იოლი არც ლიგა 2 ში ყოფილა, თუმცა დასახულ მიზანს მივაღწიეთ.

 

ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებამ პირველ და მეორე იგებს შორის არსებული დიდი სხვაობა შეამცირა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ გვაქვს რესურსი ეროვნულ ლიგას ალღო ავუღოთ და საუკეთესო ოთხეულში შესვლისთვის ვიბრძოლოთ. 

 

 

 

რომელ გუნდებს გამოარჩევ ეროვნული ლიგიდან, როგორც მთავარ კონკურენტს. შენი აზრით რომელ გუნდთან მოუწევს ვიტ ჯორჯიას ყველაზე მეტი ბრძოლა ქულების მოსაპოვებლად?

 

ბუნებრივია, დაკავებული პოზიციებიდან გამომდინარე საბურთალოს, დინამოსა და ტორპედოს გამოვარჩევ.  თუმცა კონკრეტულად რთული მეტოქის განსაზღვრა რთულია. მთავარია, აქცენტი სწორ თამაშზე გავაკეთოთ და შევეცადოთ რომ ყველა გუნდისთვის თავად გავხდეთ უხერხული მეტოქე. ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ, დანარჩენს კი მომავალი გვაჩვენებს. 

 

დაბოლოს, ინდივიდუალური კარიერის კუთხით ცვლილებები ხომ არ იგეგმება?

 

არა. ვიტ ჯორჯიასთან კონტრაქტი მაკავშირებს, შესაბამისად გუნდში ვრჩები და მომავალი სეზონისთვის მომზადებას განვაგრძობ!

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.