სუპერლიგა. XV ტური. საუკეთესოები

XV ტური: რუსთავი - მგზავრები 80:85, ვერა - ბათუმი 84:82, ტიტები - დინამო 66:73, ცხუმ-აფხაზეთი - ქუთაისი 69:73, კაქტუსი - თსუ 81:73.

საინტერესო თამაშები იყო. ცარიელი ტრიბუნების ფაქტორი არ აგდებს ტემპს და ჩემპიონატი ერთ დონეზე მიდის. გავიაროთ.

და, საუკეთესოებიც ჩამოვყაროთ.

 

ტაილერ უილიამსი (დინამო) – 22 ქულა, 6 (4 - შეტევაში) მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა. დინამოს მსროლელმა ტიტები მეორე ტაიმში დამარხა. ის იბრძოდა, ის აგდებდა (9/7 საშუალოდან), ის ეხმარებოდა მაღლებს დაცვაში და ის დინამოს ყველაზე სანდო შემსრულებელი იყო. ბრავო!

ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი) – 22 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა. ქუთაისმა ბოლოში გაიპრობლემა მოგება, მაგრამ შეინარჩუნა უპირატესობა. და, მილიკენი იყო ყველაფერი. ამერიკელზე 11 (!) ფოლი მიიღეს. მილიკენი იყო აგრესიული და კრეატიული. დაიმსახურა.

მაიკლ დევისი (კაქტუსი) - გუნდის ყველაზე შედეგიანი, ბასრი და მაღალი დონის მოთამაშე. რომელმაც თსუ 32 ქულით, 7 მოხსნით და 6 პასით აჭრა. დევისმა აკრიფა და უმატებს გუნდიც. დევისის ჯანმრთელობა გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. ერთი-ერთზე ბიჭი შეუჩერებელია.

გივი ბაქრაძე (ვერა) – 10/2 სამიანი ცუდია. რამდენიმე შეცდომა და სარისკო სვლა (რაც მოწინააღმდეგემ გამოიყენა) - ორმაგად ცუდია. და, ეს იყო ბაქრაძის საუკეთესო თამაში ამ სეზონში. 22 ქულა, 4 პასი და ბოლო წუთზე ჩაგდებული საშუალო. და, ამ სროლამ მოიგო.

სოსო გოგნაძე (მგზავრები) – 22 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა და ბიჭმა მოგებაში მთელი გული ჩააქსოვა. რუსთავში მგზავრები თვალდახუჭული ენდობოდნენ სოსოს. და, რუსთავში მის პოზიციაზე მთელი საქართველოს ნაკრებია. ორმაგად დასაფასებელი შედეგი.

 

MVP - მაიკლ დევისი (კაქტუსი). 25.4 ქულა, 6.2 მოხსნა, 3.6 პასი და არარეალური სარგებლიანობა. ეს დევისია და გუნდმა მიიღო მოთამაშე, რომელიც დაძაბული თამაშების მოსაგებად აკლდა.

მწვრთნელი - ბუბა ბერიშვილი (მგზავრები). რთულია მოიგო სუსტი შემადგენლობით და ბუბამ ეს კიდევ ერთხელ გააკეთა. რუსთავი უკან არის, რუსთავი კოჭლობს, მაგრამ რუსთავი რჩება ჩემპიონობის კანდიდატად და ბერიშვილმა ეს გუნდი რუსთავში წააქცია.

 

ფოტო: www.gbf.ge